გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ შეეფარდა

გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ შეეფარდა

თბილისის მერს გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმესაათიანი სხდომის შემდეგ მიიღო.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის მოთხოვნა, რომელიც უგულავასთვის მილიონი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას და სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვდა. გარდა ამისა, პროკურატურის მოთხოვნით, უგულავას ქვეყნის დატოვების უფლება არ უნდა ჰქონოდა და კვირაში ერთხელ საგამოძიებო ორგანოში უნდა გამოცხადებულიყო.

რაც შეეხება "ტელეიმედის" საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთ ბრალდებულ დავით კეზერაშვილს, მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება 48 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას "ტელეიმედის" მითვისებასა და საბიუჯეტო თანხებით "ნაციონალური მოძრაობის" თვალთმაქცურ დაფინანსებაში ედება ბრალი.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა (სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება) და სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია) აქვს წაყენებული.