ჯაბა სამუშია - ცხოვრება ისეთი ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლას მივუძღვენი, როგორიც კობა ხაბაზია

ჯაბა სამუშია - ცხოვრება ისეთი ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლას მივუძღვენი, როგორიც კობა ხაბაზია

საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატი ჯაბა სამუშია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, კობა ხაბაზის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ყოფილი მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ქვეყანა მეწველი ძროხა ჰგონიათ.

"მთელი ჩემი ცხოვრება რუსეთის იმპერიული ზრახვების და ისეთი ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლას მივუძღვენი, როგორიც კობა ხაბაზი და მისი გუნდის წევრებია, რომელთაც ქვეყანა მეწველი ძროხა ჰგონიათ. კობა ხაბაზმა ერთხელ მაინც თუ დაუსვა შეკითხვა თავის თავს – რისთვის იღებს ხელფასს თბილისის ბიუჯეტიდან? მე არ მწყენია მისი განცხადება, უბრალოდ გული მტკივა, რომ ასეთი ადამიანები ცოტა ხნის წინ ჩემი სამშობლოს პოლიტიკურ ელიტას წარმოადგენდნენ", - განუცხადა სამუშიამ "ინტერპრესნიუსს".

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ერთ-ერთი საწარმოს, "სინათლის ქალაქის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, კობა ხაბაზის განცხადებით, მათ ხელფასები არ გაზრდიათ.

"ჯაბა სამუშიას განცხადებებზე მაქვს მხოლოდ ერთი გამოთქმა, - მიბრძანდი, წაეთრიე შენს რუსეთში. მის ნათქვამზე კომენტარს არ გავაკეთებ, რაც არ უნდა თქვას. მაგრამ თქვენ თუ მეკითხებით გიპასუხებთ, რომ ჩემი ხელფასი არ გაზრდილა", - განაცხადა კობა ხაბაზმა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ოპოზიციონერი დეპუტატის ჯაბა სამუშიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მერიის დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ხელფასი 2 500 ლარიდან 5 000 ლარამდე გაეზარდათ.