ბესიკ ხარძიანის განცხადებით, მას სასტუმრო „აფხაზეთი“ იძულებით წაართვეს და “ვისოლს” გადასცეს

ბესიკ ხარძიანის განცხადებით, მას სასტუმრო „აფხაზეთი“ იძულებით წაართვეს და “ვისოლს” გადასცეს

სოსო ფხაკაძე: შენობის შეძენისას კავშირი მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროსთან გვქონდა

რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5

“კუს ტბის” და სასტუმრო “აფხაზეთის” ყოფილი მფლობელი მორიგ ხმაურიან განცხადებას აკეთებს. ბესიკ ხარძიანი “ვერსიას” შემდეგ უკვე რადიო “კომერსანტის” პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ ციხეში ყოფნისას იძულების წესით ჩამოართვეს ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სასტუმრო „აფხაზეთის“ წილი. მისივე ვარაუდით, სასტუმრო ეკონომიკის სამინისტრომ “ვისოლ ჯგუფს” ერთ ლარად გადასცა. ბესიკ ხარძიანი წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს.

„ვისოლ ჯგუფი“ კი სასტუმრო „აფხაზეთის“ შესყიდვის დეტალებს განმარტავს. როგორც ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე „კომერსანტთან“ ამბობს, სასტუმროს შენობის შეძენისას მათ კავშირი მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროსთან ჰქონდათ, რომელიც იმ პერიოდში პრივატიზაციის ფარგლებში ბიზნესმენებს თავად სთავაზობდა სხვადასხვა ობიექტების შეძენას.

სოსო ფხაკაძის თქმით, სასტუმროს შენობა „ვისოლმა“ 4 მილიონად შეიძინა, რაც იმ პერიოდში საბაზრო ფასზე ძვირი იყო.

თუმცა, „ვისოლ ჯგუფს“ საკუთარი ბიზნეს გეგმისთვის შენობის შეძენა უღირდა. ფხაკაძის თქმითვე, მისთვის უცნობია ხარძიანის ისტორია და თუ ის მიიჩნევს, რომ ქონება უკანონოდ ჩამოართვეს, შეუძლია სამართლიანობისთვის იბრძოლოს. ფხაკაძე განმარტავს, რომ ხარძიანის მხრიდან მათი სახელის ხსენება არაკორექტულია, რადგან ასეთი განცხადებების შემდეგ ინვესტირების სურვილი არამხოლოდ უცხოელ, ქართველ ბიზნესმენებსაც აღარ ექნებათ და მეტი სიფრთხილეა საჭირო.