მიხეილ სააკაშვილი - მოსკოვამდე 37-მანეთიან ბილეთს კი არ მივტიროდეთ, ევროპაში თავისუფლად სიარული უნდა შეგვეძლოს

მიხეილ სააკაშვილი - მოსკოვამდე 37-მანეთიან ბილეთს კი არ მივტიროდეთ, ევროპაში თავისუფლად სიარული უნდა შეგვეძლოს

ჩვენთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვამდე 37-მანეთიან ბილეთს კი არ მივტიროდეთ, არამედ ევროპულ სახლში თავისუფლად სიარული შეგვეძლოს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საშინაო საქმეთა ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, სწორედ ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საქართველოს მოსახლეობას ევროპაში უპრობლემოდ სიარული შეეძლოს.

"დღესაა ოკუპაციის აღნიშვნის თარითი, 25 თებერვალი _ ჩვენთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, რომ არ მივტიროდეთ მოსკოვში, მართლა მოუსვლელში 27 თუ 37 მანეთიან ბილეთს და საქართველოს საზოგადოების ყველა თაობას შეეძლოს ევროპაში, ჩვენს ევროპულ სახლში, როგორც საკუთარ სახლში უპრებლემოდ სიარული. ამას აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა. ისინი, ვინც მიგვათრევენ უკან, ძირითადად სარგებლობენ იმით, რომ საქართველოს საზოგადოების უმეტესობას არ ჰქონია საშუალება ევროპაში უპრობლემოდ ჩასვლის და ახალგაზრდებს ევროპაში სწავლის. ეს უნდა გადავლახოთ, ეს უნდა გავხადოთ შეუქცევადი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის თქმით, რა სიტუაციაც არ უნდა იყოს ქვეყნის შიგნით, ევროპისკენ სვლა არ უნდა შეჩერდეს.

"როგორი პოლიტიკური სიტუაციაც არ უნდა იყოს საქართველოს შიგნით, რა დაძაბულობაც არ უნდა არსებობდეს პოლიტიკურ პარტიებს შორის, ევროპისკენ სვლა უნდა გაგრძელდეს. ესაა იმ ყველაფრის გაგრძელება, რასაც ბოლო წლებში ვაშენებდით. არ უნდა გავაჩეროთ ჩვენი სვლა ევროპისკენ, რადგან ეს იქნება არა ცაკლეული მთავრობის, პრეზიდენტის ან პრემიერის მიღწევა, ეს იქნება ქართველი ხალხისთვის გაკეთებული მნიშვნელოვანი საქმე", - აღნიშნა სააკაშვილმა.