ალექსი პეტრიაშვილი სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა

ალექსი პეტრიაშვილი სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.
"ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას, რაც პირველ რიგში გულისხმობს ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან ურთიერთობის დამყარებას და ურთიერთნდობის აღდგენას. კარგია, რომ ისინი ზრუნავენ ჩვენს ოს და აფხაზ ძმებზე, კარგია, რომ არის პოზიტიური ნაბიჯები, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ვრჩებით ერათგული ჩვენი სტრატეგიული ამოცანის, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქვეყნის სრული დეოკუპაცია", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ გზაზე ქართულ მხარეს საუბარი მოუწევს რუსეთთან და ეს ჟენევაში მოხდება, რომელიც უმთავრესი ფორმატია. მინისტრის თქმით, პარალელურად, ქართული მხარე ძალიან ინტენსიურად მუშაობს აფხაზებთან და ოსებთან.

"ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან, რადგან მათთვის გახდეს მიმზიდველი ის საქართველო, რომელშიც უნდა იცხოვრონ მომავალმა თაობებმა", - დასძინა ალექსი პეტრიაშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დიპლომატიური აკადემიის სტუდენტებსა და პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთან თანამშრომლობისთვის მზადაა, თუმცა არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ღალატის ფასად.

მისივე თქმით, საქართველოს ახალი ხელისუფლება პრაგმატულად მოქმედებს, ეკონომიკური კავშირები კი, ორ ქვეყანას შორის არასოდეს გაწყვეტილა.
"ენერგეტიკისა და სხვა სფეროებშიც ჩვენი კომპანიები ძველებურად მუშაობდნენ. თუკი არსებობს ჰუმანიტარული კავშირების განვითარებისა და საჰაერო მიმოსვლის ინტერესი, მზად ვართ ამ სფეროებში ურთიერთობის განვითარებისთვის, თუმცა არა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჩვენი ძმების ღალატის ფასად. ეს არასოდეს მოხდება", - განაცხადა ლავროვმა.