დავით უსუფაშვილი:

დავით უსუფაშვილი: "ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ საქართველო ოკუპანტებისაგან და შემოვირიგოთ ის ხალხი, რომლებსაც დღეს ჩვენთან ერთად ცხოვრება არ უნდათ"

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, დღევანდელი დღე ქართველი ხალხისთვის მწუხარების და სიამაყის დღეა.

ამის შესახებ უსუფაშვილმა პარლამენტის ძველი შენობის ეზოში განაცხადა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების საფლავი გვირგვინით შეამკო.

"დღევანდელი დღე ქართველი ხალხისთვის არის იმ მრავალრიცხოვან დღეთა შორის ერთ-ერთი, როდესაც სიამაყე და მწუხარება ერთმანეთს ენაცვლება. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს ჰყავდა ისეთი მამულიშვილები, რომელიც ბრძოლის ველზე დაეცნენ სამშობლობისთვის, მაგრამ ამ სიამაყეს ენაცვლება და ფარავს ის მწუხარება, რაც ამ ვაჟკაცების გარდაცვალების გამო გვეუფლება. ჩვენ ქვეყნისთვის თავდადებული მამულიშვილები ცოცხლები გვჭირდება, მათი სამსახური სჭირდება ამ ქვეყანას და არა სიცოცხლე. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება თავდადებული შრომით ააშენოს თავისი ქვეყანა, აღარ გვჭირდება ჩვენი ვაჟკაცების სიკვდილი. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ საქართველო ოკუპანტებისაგან და უნდა შემოვირიგოთ ის ხალხი, რომლებსაც დღეს ჩვენთან ერთად ცხოვრება არ უნდათ. უნდა დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი, მაგრამ ეს მსხვერპლისა და ჩვენივე მოქალაქეების სიკვდილის გარეშე უნდა მოვახერხოთ. 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობით მათ დაგვიტოვეს ლეგიტიმური საფუძველი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის. ეს არის ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური აქტი, რომლითაც იმ მთავრობამ, რომელმაც მაშინ ვერ შეძლო ქვეყნის დაცვა, შეძლო, რომ თითქმის 100 წლის შემდეგ ჩვენ მყარად დავეყრდნოთ მათ მიერ დაწყებულ საქმეს", - განაცხადა უსუფაშვილმა.