სესილია მალმსტრომი - ვიზების ლიბერალიზაციაზე შეთანხმება ხელისუფლებაზეა დამოკიდებული

სესილია მალმსტრომი - ვიზების ლიბერალიზაციაზე შეთანხმება ხელისუფლებაზეა დამოკიდებული

ვიზების ლიბერალიზაციაზე შეთანხმება ბევრად არის დამოკიდებული საქართველოს ხელისუფლებაზე და მათ ტემპზე, - ამის შესახებ საშინაო საკითხებში ევროკომისარმა, სესილია მალმსტრომმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

როგორც სესილია მალმსტრომმა აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია, იმყოფებოდეს დღეს საქართველოში.

"ალბათ ეს ყველაფერი არ იქნებოდა შესაძლებელი, საქართველოს რომ არ აეღო სრული ვალდებულება ევროინტეგრაციის კუთხით. საქართველომ ბრწყინვალე პროგრესს მიაღწია იმ კუთხით, რომ გაუმჯობესდა პოლიტიკა, კანონმდებლობა და მე მინდა, საქართველოს ხელისუფლებას ეს მიღწევა მივულოცო", - განაცხადა სესილია მალმსტრომმა.

მისივე თქმით, ვიზების ლიბერალიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება იმისათვის, რომ განმტკიცდეს ხალხთა შორის კონტაქტები. მალსტრომის განცხადებით, სამოქმედო გეგმის მიზანია იდენტიფიცირებული იყოს რამოდენიმე მიმართულება, რომელიც უნდა განხორციელდეს საქართველოს მხრიდან და აქ არის მინიშნებული გარკვეული მოთხოვნები, რომელიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რათა იყოს უსაფრთხო რეჟიმი და გარემო გადაადგილებისათვის.

ევროკომისრის განცხადებით, ეს არის გაიდლაინი იმისთვის, რომ პროგრესი იქნას მიღწეული კონკრეტული მიმართულებებით, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მისი მოსახლეობისთვის.

"გვინდა, წავახალისოთ საქართველო, რომ გაგრძელდეს რეფორმები, რაც მეტად მნიშვნელოვანია ამ დიალოგის მიზნებიდან გამომდინარე, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოების მოდერნიზაციისა და კეთილდღეობისათვის. არის მიმართულებები დარჩენილი, სადაც ბევრია გასაკეთებელი", - განაცხადა სესილია მალმსტრომმა.

მისივე თქმით, ამ გაიდლაინებიდან ზოგი უკვე შესრულებულია და ახლა უფრო საუბარია ტექნიკურ პროცესზე.

"ჩვენ ახლა უფრო ტექნიკურ პროცესზე გადავდივართ, რათა შემუშავდეს კანონმდებლობა, რომელიც შესაბამისი იქნება ევროკავშირის კანონმდებლობის და უნდა ვნახოთ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მხრივ. ეს არის ტექნიკური, მაგრმა ამავდროულად პოლიტიკური საქმიანობა, სავარჯიშო, იმიტომ, რომ ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს ახალი პოლიტიკური მიმართულება, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს", - განაცხადა სესილია მალმსტრომმა.

რაც შეეხება ვადებს, თუ რა ვადები დასჭირდება ამ ყველაფერს, მისი თქმით, მისთვის ამაზე საუბარი ძალიან ძნელია.

"ბევრი არის დამოკიდებული საქართველოს ხელისუფლებაზე და მათ ტემპებზე, მაგრამ ისინი აკეთებენ ყველაფერს და ევროკავშირის მხრიდანაც ყველანაირი დახმარება არის გაწეული. მაშინ, როდესაც ყველა კრიტერიუმი იქნება დაკმაყოფილებული, გადავალთ მეორე ეტაპზე და ამის შემდეგ გადავალთ შეთანხმების მიღწევაზე ვიზების ლიბერალიზაციის კუთხით. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს მხარეს გააჩნია დიდი სურვილი, რომ გაგრძელდეს თქვენთან თანამშრომლობა", - დასძინა სესილია მალმსტრომმა.