ბიძინა ივანიშვილი - მომავალ თაობებს უნდა დავუტოვოთ ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო

ბიძინა ივანიშვილი - მომავალ თაობებს უნდა დავუტოვოთ ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო

საქართველოს პრემიერ–მინისტრი საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტრეპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: 

"პატივს მივაგებ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს, იუნკერებს, რომლებიც წინ აღუდგნენ საბჭოთა ოკუპანტებს და უთანასწორო ბრძოლაში სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს.

მათ თავდადებას უკვალოდ არ ჩაუვლია. 70 წელი მრავალმა თაობამ სათუთად ატარა თავისუფლების იდეა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა არასოდეს ჩამკვდარა ხალხში. ჩვენ წილად გვერგო დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება და ეს უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს.

დღეს ჩვენი თაობაა ვალდებული, გაუფრთხილდეს მოპოვებულ თავისუფლებას და ყველაფერი გააკეთოს იმ საქმის გასაგრძელებლად, რაზეც საქართველოს დამოუკიდებლობისა და მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირები ოცნებობდნენ – ჩვენ მომავალ თაობებს უნდა შევუნარჩუნოთ და დავუტოვოთ ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.