ე.წ. ორთაჭალის კრიტი საბოლოოდ დაიხურა

ე.წ. ორთაჭალის კრიტი საბოლოოდ დაიხურა

სასჯელაღსრულების #1 დაწესებულება, ე.წ. ორთაჭალის კრიტი საბოლოოდ დაიხურა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინიციატივით, დახურვის დღეს აღნიშნული დაწესებულების დათვალიერება მედიის წარმომადგენელებმა შეძლეს, მედიასთან ერთად დაწესებულებაში საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 

რაც შეეხება შენობის მომავალს, როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რამდენიმე იდეა არსებობს, მათ შორის შესაძლოა შენობა მუზეუმს გადაეცეს. ამასთან მინისტრის თქმით, დაწესებულებაში ამნისტიის შემდეგ 600-მდე პატიმარი დარჩა, რომელთა ნაწილს დახურული ტიპის დაწესებულებაში ყოფნის ვადა ამოეწურა და ისინი სხვადსხვა ნახევრადღია დაწესებულებაში გადანაწილდნენ. პატიმრებს, რომლებსაც დახურული ტიპის დაწესებულებაში ყოფნის ვადა კიდევ დარჩათ, მათი უმეტესობა რუსთავის #6 დახურული ტიპის დაწესებულებაში გადანაწილდა, ნაწილი კი გლდანში გადაიყვანეს.

სოზარ სუბარის თქმით, დღეს ოკუპაციის დღეა და სიმბოლურად დაემთხვა აღნიშნული დაწესებულების დახურვას.

"საბჭოთა ოკუპაციის ერთ-ერთი სახე იყო ეს შენობა, სადაც პატიმრები გაუსაძლის მდგომარეობაში იყვნენ. ერთ საკანში 28 პატიმარი ცხოვრობდა, ჭერზე ჰქონდათ ცელოფნები გაკრული, რათა ზედა საკნიდან ფეკალური მასები და წყალი არ ჩამოსულიყო, ამასთან კედლებში იყო ბაღლინჯოები და მღრღნელები და აქ ყოფნა თავისთავად უტოლდებოდა წამებას; დაწესებულება საბოლოოდ დაიხურება და მსგავს პირობებში პატიმრები აღარასდროს აღარ იქნებიან. სააკაშვილი საუბრობს დასავლურ ღირებულებებზე და ასეთი დაწესებულები არსებობს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დაწესებულების დახურვას ესწრებოდა ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელმაც აღნიშნა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მრავალწლიანი რეკომენდაცია იყო აღნიშნული დაწესებულების დახურვა.

"სწორედ დღეს, ოკუპაციის დღეს მნიშვნელოვანია, რომ ეს დაწესებულება იხურება. როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებს ვხვდებოდი, მათგან ყოველთვის მესმოდა ამ დაწესებულების შესახებ. ახლა ამ ციხის დახურვა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ 24 000 პატიმრის ნაცვლად 11 000-მდე პატიმარი დარჩა დაწესებულებებში", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ, გადაეღოთ ის კარცერები, რომლებიც შენობის სარდაფშია განთავსებული. კარცერები ბოლო 5 წელია, დაილუქა. მანამდე კი პატიმრებს, რომლებიც კარცერებში ჩაყავდათ, უკიდურეს მდგომარეობაში უწევდათ ყოფნა.