უვადო პატიმრობამისჯილებისთვის ქსანში ახალი დაწესებულება შენდება

უვადო პატიმრობამისჯილებისთვის ქსანში ახალი დაწესებულება შენდება

უვადო პატიმრობამისჯილებისთვის ქსანში ახალი დაწესებულება შენდება, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების #1 დაწესებულების დახურვისას განუცხადა. 

როგორც სუბარმა აღნიშნა, უვადო პატიმრობამისჯილები ამჟამად ძირითადად იმყოფებიან რუსთავის #6 დაწესებულებაში და მათ დღეში მხოლოდ ერთი აქვთ გასეირნების უფლება. ახალ დაწესებულებაში კი, უვადო პატიმრობამისჯილებს შესაძლებლობა ექნებათ, გაისეირნონ ნებისმიერ დროს.

"უვადო პატიმრობა არის საკმარისი სასჯელი და იმ პირებს, ვისაც ასეთი სასჯელი აქვთ, ეძლევათ მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში ჰაერზე გასვლის საშუალება. ეს უნდა შეიცვალოს და აქედან გამომდინარე, ქსანში მათთვის შენდება ახალი დაწესებულება, სადაც მიეცემათ საშუალება გაისეირნონ უფრო დიდი ხნით, ვიდრე დღეს აქვთ ამის უფლება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, საქართველოში ამ ეტაპზე 89 უვადო პატიმრობამისჯილი პირია.