ბიძინა ივანიშვილი და დავით უსუფაშვილი იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ესწრებიან

ბიძინა ივანიშვილი და დავით უსუფაშვილი იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ესწრებიან

პარლამენტის ხარების სახელობის სამლოცველოში 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს. 

პანაშვიდს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ასევე მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს სხვა წევრები ესწრებიან. როგორც ჟურნალისტებს შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, იუნკერების თავგანწირვა ნამდვილი მამულიშვილობის სიმბოლოა.

"ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ იუნკერთა ხსოვნას. მათი თავგანწირული ბრძოლა - ესაა მაგალითი და სიმბოლო ნამდვილი მამულიშვილობის და ნიმუში სამშობლოს სიყვარულის. ჩვენ, თითოეული მოქალაქე, ვალდებული ვართ ვიყოთ ისეთივე მებრძოლი სულით აღვსილნი, როგორიც ეს ადამიანები იყვნენ. ჩვენ მათი სახით გვაქვს მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი მამულიშვილი და როგორც უნდა იბრძოდეს უმთავრესი ღირებულებისთვის – თავისუფლებისთვის", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით კი, იუნკერებმა თავი შესწირეს იმას, რომ საქართველოს მომავალ თაობას უკეთეს ქვეყანაში ეცხოვრა.

"ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ იმ ადამიანებს, რომელთაც სიცოცხლე გაწირეს სრულიად ახალგაზრდებმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის და იმისთვის, რომ დღეს ჩვენ უკეთეს საქართველოში გვეცხოვრა. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია თუნდაც იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

პანაშვიდის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრები მემორიალთან გადაინაცველებნ და მას გვირგვინით შეამკობენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირები მემორიალთან დღევანდელ დღესთან დაკავშირებით განცხადებებსაც გააკეთებენ.