სესილია მალსტრომმა მაია ფანჯიკიძეს სავიზო დიალოგის ფარგლებში სამოქმედო გეგმა გადასცა

სესილია მალსტრომმა მაია ფანჯიკიძეს სავიზო დიალოგის ფარგლებში სამოქმედო გეგმა გადასცა

საშინაო საქმეთა ევროკომისარმა სესილია მალსტრომმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს სავიზო დიალოგის ფარგლებში სამოქმედო გეგმა გადასცა. 

როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, საშინაო საქმეთა ევროკომისარის ვიზიტს ქართული მხარე ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთ დადასტურებად აღიქვამს. ფანჯიკიძის განმარტებით, საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, გადავიდეს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების დიალოგის შემდეგ ეტაპზე და შეუდგეს სამოქმედო გეგმის საკანონმდებლო ფაზით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას.

როგორც ფანჯიკიძე აცხადებს, სტრატეგიული მნიშვნელობისაა უვიზო მიმოსვლის პერსპექტივის გახსნა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელიც ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერების ძირითად ელემენტს და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენს.

"ვფიქრობ, საქართველოს საკმაოდ დაწინაურებული პოზიციები აქვს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით. მსურს დავადასტურო ქართული მხარის მზადყოფნა, დროულად შესრულდეს სავიზო დიალოგისთვის განსაზღვრული კრიტერიუმები და განხორციელდეს რეფორმები შესაბამისი მიმართულებით, მსურს ასევე დავადასტურო, რომ ევროპული ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. საქართველოს ახალმა მთავრობამ აიღო ვალდებულება შექმნას ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ევროპულ ფასეულობებზე იქნება დაყრდნობილი",- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, საქართველოს მიერ ეფექტურად განხორციელებული ღონისძიებები განსაზღვრავს სამომავლოდ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწყებას. მაია ფანჯიკიძემ იმედი გამოთქვა, რომ ევროპული მხარის მიერ საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ იქნება შეფასებული.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, ის ორი ფაზისგან შედგება - საკანონმდებლო და ოპერატიული. ის გულისხმობს რეფორმების განხორციელებას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრის მართვა, მიგრაცია, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები.