პარლამენტის დღის წესრიგში შესაძლოა, აზარტული თამაშების აკრძალვის საკითხი დადგეს

პარლამენტის დღის წესრიგში შესაძლოა, აზარტული თამაშების აკრძალვის საკითხი დადგეს

პარლამენტის დღის წესრიგში შესაძლოა, საქართველოში აზარტული თამაშებისა და შესაბამისი დაწესებულებების მაქსიმალურად შეზღუდვის ან საერთოდ აკრძალვის საკითხი დადგეს . ამ თემაზე განხილვების დაწყების მიზეზი პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე შესული პეტიცია გახდა, რომელიც შესწავლისა და შემდგომი პროცედურების დაწყების მიზნით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს გადაეცა.

როგორც კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემალაძემ "ინტერპრესნიუსს" აცნობა, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე შესულ პეტიციას ხელს აწერენ, როგორც არასამთავრობო, ისე პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი წინადადებაა, სათამაშო ბიზნესი საქართველოში მაქსიმალურად შეიზღუდოს ან აიკრძალოს

"ეს ეხება როგორც კაზინოებს, ასევე ტოტალიზატორებს, ინტერნეტ-სამორინეებს. საზოგადოების ამ წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ აზარტული დაწესებულებებით დიდი ზიანი ადგება მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს და მოზარდებს. ძალიან ბევრი ოჯახი გაუბედურდა, ბევრი შემთხვევაა, როცა სავალალო შედეგის გამო ზოგი თავს იკლავს, ზოგი სახლს ჰყიდის და ასე შემდეგ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ უარყოფით მორალურ ზიანზე, რომელსაც აზარტული თამაშები ახალგაზრდობას აყენებს. უფრო მეტიც, მთელ რიგ ქვეყნებში სამორინეები აკრძალულია, ხოლო თუ სადმე დაშვებულია, იქ საკუთარ მოქალაქეებს არ უშვებენ და მხოლოდ ტურისტები შედიან. მაგალითად, ასეა გერმანიაში. ის, რომ აღნიშნულ საკითხს მკაცრი რეგულაცია სჭირდება, ცალსახაა. როგორც გაკეთდება, რა გაკეთდება, ამას ჩვენ, როგორც წამყვანი კომიტეტი განვიხილავთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ - უარი ვთქვათ, თუ მხარი დავუჭიროთ შემოტანილ პეტიციას და ის პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარვადგინოთ" – განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზურაბ ტყელამაძემ.

მან აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირადად მისი პოზიციაა, რომ პარლამენტმა პეტიციის ავტორებს მხარი დაუჭიროს და სათამაშო ბიზნესი საქართველოში მაქსიმალურად შეიზღუდოს.
აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში განხილვისათვის ერთი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე წარდგენილია. დეპუტატ კობა დავითაშვილის ინიციატივით, პარლამენტი აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვის საკითხზე მსჯელობს. პროექტის თანახმად, აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამირება ადმინისტრაციულ ჯარიმებს გამოიწვევს.