"როსპოტრებნადზორის" სპეციალისტები საქართველოში დღეს ჩამოვლენ

"როსპოტრებნადზორის" სპეციალისტები საქართველოში დღეს საღამოს ჩამოვლენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს . 

სამინისტროს ინფორმაციით, რუს სპეციალისტთა სამი ჯგუფი ქართული საწარმოების ინსპექტირებას ხვალიდან დაიწყებს.
პირველ ეტაპზე ისინი შეამოწმებენ თბილისში მდებარე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ ყველა კომპანიას, ასევე კახეთში არსებული კომპანიების ნაწილსა და მინერალური წყლების მწარმოებლებს.

სპეციალისტების მეორე ვიზიტისას კი, შემოწმდება კახეთში არსებული კომპანიების მეორე ნაწილი და რაჭაში არსებული საწარმოები. რუსი სპეციალისტების ვიზიტის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამაც გაავრცელა.

"რია ნოვოსტის" ცნობით, "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელმა გენადი ონიშენკომ განმარტა, რომ რუს სპეციალისტთა სამი ჯგუფი მიმდინარე კვირის განმავლობაში 44 საწარმოს შეამოწმებს, რომელთაგან 40 - ღვინის, 4 კი - მინერალური წყლების მწარმოებელია.

"ჩვენ დადგენილი წესით მივიღეთ გარანტიები საქართველოს მთავრობისგან. სპეციალისტების სამი ჯგუფი საქართველოში დღეს მიფრინავს და მიმდინარე კვირის განმავლობაში 44 საწარმო შემოწმდება", - განაცხადა ონიშენკომ.

მისივე თქმით, რუს სპეციალისტებს მუშაობის პროცესში ქართველი ექსპერტები და საქართველოში მყოფი რუსეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დააკვირდებიან.
როგორც ონიშენკო განმარტავს, საქართველოს მიერ შეთავაზებული მარშრუტი დამატებითი კონსულტაციების შედეგად "როსპოტრებნადზორთან" შეთანხმებულია.

"საქართველოდან დაბრუნებული სპეციალისტები სიტუაციას წარმოადგენენ და მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომელი საწარმოები დავუშვათ და რომელი - არა", - აღნიშნა ონიშენკომ.