ზურაბ ბაქრაძე – ბუტა რობაქიძესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია

ზურაბ ბაქრაძე – ბუტა რობაქიძესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია

თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, ზურაბ ბაქრაძის მტკიცებით, ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გასულ კვირას გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია . როგორც ბაქრაძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადბეს, ის მომხდარიდან დაახლოებით 50 წუთის შემდეგაა გადაღებული.

"რაც შეეხება ფირს, რომელიც გავრცელდა, ის ნამდვილად არსებობდა, მაგრამ მერწმუნეთ, გადაღებულია მომხდარიდან დაახლოებით 50 წუთის შემდეგ. არავითარი კავშირი ამ ფირს რეალობასთან არ აქვს. არ მინდა, არც ირაკლი ფირცხალავა და არც სხვები უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო, მაგრამ ძალიან მიკვირს, ირაკლიმ რატომ აიღო ამხელა ტვირთი საკუთარ თავზე, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს ფირი შემოუგდეს. ისიც შემიძლია გითხრათ, საიდან მოხვდებოდა ეს ფირი ირაკლი ფირცხალავასთან, მაგრამ ამაზე საუბრისგან ჯერ თავს შევიკავებ, რადგან ზუსტად დადასტურებული არა მაქვს. ერთს გეტყვით, ეს ფირცხალავას რომ არ გამოეჩინა, შეიძლებოდა მისთვის ფირის განადგურება დაებრალებინათ... მასში სხვადასხვა ეპიზოდი ერთმანეთშია არეული, ანუ დამონტაჟებულია", - აცხადებს ბაქრაძე.

ამასთან, მისივე განმარტებით, არც ალექსანდრე გვაზავა, არც ირაკლი ფირცხალავა და არც ირაკლი იაშვილი საქმის გაყალბების დროს ადგილზე არ ყოფილან.

"გავიგე, ზურაბ მიქაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მის დასაცავს ჩვენება ზეწოლით მიაცემინეს და მას ახლა შეცვალა ჩვენება. ის ვაჭრობს, ცდილობს, როგორმე ამ საქმიდან გამოძვრეს. ზურაბ მიქაძე კიდევ რამდენიმეჯერ შეცვლის ჩვენებას. ის ვაჭრობს, ცდილობს, როგორმე ამ საქმიდან გამოძვრეს... ზურაბ მიქაძემ თავიდანვე დაიწყო ამ საქმით ვაჭრობა და თქვა, თითქოს მას ზურაბ ბაქრაძემ დაავალა ეს, მაგრამ ეს არ გამოუვიდა. ახლა ახალ ვერსიას თხზავს", - განმარტავს ბაქრაძე და იქვე დასძენს, რომ გასროლისას პატრულის თანამშრომელი ბაშალეიშვილი მთვრალი იყო.

"ბაშალეიშვილი მთვრალი იყო, ამას ვადასტურებ. როდესაც მოვიკითხე, სად არის ის პატრულის თანამშრომელიმეთქი, მიქაძემ მითხრა, მთვრალიაო. შენც იცი, დღეს პატრულის პიარი მიდის და მეტს ვერაფერს გეტყვიო", - აღნიშნავს კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელიც წლების განმავლობაში დუმილისთვის რობაქიძეების ოჯახს ბოდიშს უხდის.
ზურაბ ბაქრაძესთან ინტერვიუს სრულ ვერსიას გაზეთ "კვირის პალიტრის" დღევანდელ ნომერში იხილავთ.