პროკურატურამ შესაძლოა, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის მოწმეებზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნოს

პროკურატურამ შესაძლოა, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის მოწმეებზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნოს

საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა დღეს მთავარმა პროკურატურამ იმ მოწმეებთან დაკავშირებით, რომლებმაც ბუტა რობაქიძის საქმეში ჩვენება შეცვალეს , გადაწყვეტილება მიიღოს.

როგორც კბილაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში საუბრისას განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ გამოჩნდა, რომ მოწმემ ჩვენება განზრახ შეცვალა, შესაძლოა ის პასუხისგებაში მიეცეს.

"პოლიციელების დაკითხვის შედეგად, რომლებიც ცალსახად აცხადებდნენ, რომ იარაღი არ ჰქონდათ იმ ახალგაზრდებს, გამოძიებამ შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო და შესაბამისი მოქმედებებიც განახორციელა. დღეს, რამდენიმე იმ ადამიანთაგან, რომლებიც დაკითხულია, განსხვავებულ ჩვენებებს იძლევა. ჩვენ ამ ჩვენებებს ვუდგებით ერთი კონკრეტული ნიშნით - შეიცავს თუ არა ეს ჩვენება წინა ჩვენებებთან მიმართებაში ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათს და თუ ჩვენ მივედით იმ აზრამდე, რომ არის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება და მოწმის არა გულმავიწყობა, არამედ მისი განზრახვა დავინახეთ, რა საკვირველია ამ შემთხვევაში ამ მოწმეს აუცილებლად მივცემთ პასუხისმგებაში", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.

ამასთან, მთავარი პროკურორი გამოეხმაურა იმ ვიდეომასალაც, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით არის და რომელიც ირაკლი ფირცხალავამ გაავრცელა. კბილაშვილის განმარტებით, ვიდეომასალას ექსპერტიზა საქართველოს გარდა კიდევ 3 ქვეყანაში ჩაუტარდება. მისივე თქმით, ამ კადრების სინამდვილის დადგენამდე დეტალებში შესვლა არამართებულია.

"რაც შეეხება კადრებს, სანამ ამ კადრებს შევისწავლით, წინასწარი შეფასება შინაარსობრივ მხარეზე, შეუძლებელია, სანამ არ დავრწმუნდებით მის ნამდვილობაში. ამ მიზნით სამი სხვადასხვა ექსპერტიზა არის დანიშნული, სამი საზღვარგარეთ და ერთი საქართველოში. ძირისძირობამდე გვინდა დავრწმუნდეთ სინამდვილეზე და შემდეგ უკვე შევხედავთ ამ კადრებს და შინარსობრივი ასპექტიდან რაც გამოიწურება, ჩვენც იმ პოზიციას დავუჭერთ მხარს. მას შემდეგ, რაც დადგინდება მისი სინამდვილე შინაარსობრივად, მოხდება მისი შესწავლა შენელებულ კადრებში - არის თუ არა იარაღი იქ ნამდვილად ჩადებული, ჩანს თუ არა იარაღის ჩადება - ასეთი ეჭვებიც არის ამ ვიდეოს შინაარსობრივი ნახვის დროს. ასევე, არის თუ არა ეს ვიდეომასალა სრულად მომცველი დროის ყველა მონაკვეთის, შეიძლება კითხვა გაჩნდეს იარაღი ამ ვიდეომასალის გადაღებამდე იყო თუ არა ჩადებული, კიდევ კითხვა ისმის, თუ სად არის დანარჩენი იარაღები და რატომ არ ჩანს ისინი. ცნობილია, რომ ამ საქმეში 2 ავტომატური ცეცხლსასროლი და სხვა იარაღები ჩანს. კითხვები შინაარსობრივ ასპექტში ძალიან ბევრია და იქამდე რაიმეს თქმა ძალიან ძნელია", - განაცხადა კბილაშვილმა.

ამასთან, კბილაშვილმა აღნიშნა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მისი ინფორმაციით დაიკითხა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც. "ირაკლი ოქრუაშვილი ჩვენებებში ამბობს, რომ მან საქმის დეტალები არ იცოდა, რაც ჩემთვის საეჭვოა და ეს რამდენიმე დღის წინაც ვთქვი. თუმცა საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც მის ინფორმირებულობაზე მეტყველებს", - განაცხადა კბილაშვილმა.
მთავარი პროკურორის თქმით, არავის აქვს უფლება, თუნდაც ასანთის ღერისოდენა გადაცდომა ჩაიდინოს ბუტა რობაქიძის საქმეში. "ეს არის ჩვენი მოცემულება. მე მორალური ვალდებულება მაქვს, რომ ამ საქმეში სიმართლე იყოს დადგენილი", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.