პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით მილიონ ლარს ითხოვს

პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით მილიონ ლარს ითხოვს

პროკურატურა ქალაქის მერის, გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 1 მლნ ლარის გირაოს შუამდგომლობას აყენებს. შესაბამისი შუამდგომლობაში პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა. შუამდგომლობაში ასევე აღნიშნულია, რომ გიგი უგულავას ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლა ეკრძალება და საგამოძიებო ორგანოში კვირაში ერთხელ უნდა გამოცხადდეს.
დღესვე მთავარი პროკურატურა სასამართლოში შევიდა შუამდგომლობით, რომლითაც დავით კეზერაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. აღნიშნულ შუამდგომლობებზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

თბილისის მერს, გიგი უგულავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბრალი გუშინ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით წაუყენა. ადვოკატ გოგიტა გაბაიძის თქმით, უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილითა და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარედგინა.

გაბაიძის განცხადებით, გიგი უგულავას ტელეკომპანია "იმედისა" და "თბილსერვისჯგუფის" ეპიზოდებზე წარედგინა ბრალი. სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას გულისხმობს, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

"ასევე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წარედგინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებაც, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილითაა გათვალისწინებული და 9-დან 12 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. გიგი უგულავამ დაკითხვაზე გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება", - აღნიშნა გაბაიძემ.