ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია -

ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია - "დამეხსენი, ჩრდილოელო!" გაიმართება

არასამთავრობოები ოკუპაციის წინააღმდეგ აქციას, სახელწოდებით "დამეხსენი, ჩრდილოელო!" გამართავენ. როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი , საქართველოს დეოკუპაციის კამპანიის ფარგლებში, 1921 წლის 25 თებერვლის, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების ეგიდით ღონისძიებები გაიმართება.

24 თებერვალს 21:00 საათზე კოჯორში, იუნკერების მემორიალთან გაიმართება აქცია "დამეხსენი ჩრდილოელო!"" არა ოკუპაციას! ;
25 თებერვალს, 14:00 საათზე ყოფილი პარლამენტის შენობის წინ "ქვების აქცია""; 25 თებერვალს, 16:00 – 17:00 საათზე- აქცია რუსეთის საელჩოსთან;
25 თებერვალს, 17:30 - 18:30 საათზე, აგრარულ უნივერსიტეტში გაიმართება კონფერენცია, თემაზე: რამდენიმე ეპიზოდი დამოუკიდებელი საქართველოს ცხოვრებიდან (1918 – 1921) და დისკუსია, თემაზე "ცვლილებები ოკუპაციის შესახებ კანონში".

ამავე ადგილას, 25 თებერვალს 17:00 – 20:00 საათზე საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება.
25 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მიერ ორგანიზებული "სანთლების აქცია" მშვიდობის ხიდზე.
25 თებერვალს, 18:30 – 19:30 საათზე- საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ორგანიზებული კონცერტი.
25 თებერვალს, 18:00 საათზე მოქალაქეები რამდენიმე წუთით შეიკრიბებიან რიყეზე.

25 თებერვალს, 19:00 საათზე, შარდენის ბაღში პოპულარული და ახალგაზრდა მუსიკოსები ("ვიტამინი", Mellow, "წერილი", ქეთათო, The jetbird, "კონტრაბანდა", Lady Heroine, Z for zulu, The Balloon Shooters, LOUD Speakers, ლადო ბურდული, ZurGi და Green Room) გამართავენ კონცერტს "ჩემი თავისუფლება. არა ოკუპაციას".
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები განმარტავენ, "დამეხსენი, ჩრდილოელო!" – აკაკი წერეთლის ეს 1886–1889 წლებში დაწერილი ნაკლებად ცნობილი სტროფი გახდა სამოქალაქო კამპანიის ერთიანი მესიჯი, რომელიც საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით 22–25 თებერვალს გაიმართება.

"ვთვლით, რომ დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ყველა მოქალაქეს შევახსენოთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის ისტორია, მკაფიოდ გავაჟღეროდ ოკუპანტის სახელი და საჯაროდ განვაცხადოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია ამ პრობლემის მიმართ. კამპანია მშვიდობიან, შემოქმედებით და მასობრივ ხასიათს ატარებს", - აღნიშნულია განცხადებაში.