მეუფე იაკობი - უნდა გვეყოს ვაჟკაცობა, ვაღიაროთ წარსული შეცდომები და განვლილი ცხოვრება გამოვასწოროთ

მეუფე იაკობი - უნდა გვეყოს ვაჟკაცობა, ვაღიაროთ წარსული შეცდომები და განვლილი ცხოვრება გამოვასწოროთ

საქართველო სულ განსაცდელის წინაშეა და მადლობა ღმერთს, ხშირად ამ განსაცდელებიდან ღირსეულად გამოვდივართ, - ამის შესახებ გარდაბნისა და მარტყოფის მიტროპოლიტმა, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

როგორც მეუფემ აღნიშნა, სასულიერო პირებს ქვეყანაში არაჯანსაღი პროცესების შემჩნევის შემთხვევაში უფრო მკაცრი საუბარი მართებთ, თუმცა, ერმა არ უნდა დაივიწყოს, რომ მათ სიმკაცრის დროსაც სიყვარული ალაპარაკებთ.

"ჩვენი ქვეყნის ხსნა ჩვენსავე თავშია. აუცილებელია შეხმატკბილება. უნდა გვეყოს ვაჟკაცობა, ვაღიაროთ წარსული შეცდომები და განვლილი ცხოვრება გამოვასწოროთ. ყოველთვის კარგს ვერ გააკეთებ. თუმცა, ვისაც სწორად ცხოვრება სურს, უნდა მიეცეს საშუალება, თავის ქვეყანაში იცხოვროს და იყოს საკუთარი ქვეყნის ღირსეული შვილი. უფალმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს ეყო ამდენი უბედურება და დაგვაყენა ისეთ გზაზე, რომ ხალხმა ცოტა შვება ნახოს. ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. აუცილებელია, ერთმანეთს ხელი შევუწყოთ ქვეყნის შენებაში. გარეთ ერთმანეთზე ცუდის ლაპარაკი და დაბეზღება სწორი არ არის. მაბეზღარები ჩვენვე არ გვიყვარს და უცხოეთში ვის ვეყვარებით. ამიტომ, უნდა დავფიქრდეთ, რას ვაკეთებთ", - ბრძანა მეუფე იაკობმა.

პატრიარქის ქორეპისკოპოსის თქმით, საქართველო ყველასია, უფლის გამორჩეული და ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და მისი დაზიანების უფლება არავის აქვს.

როგორც მეუფემ აღნიშნა, ახლოვდება დიდი მარხვა და ერი უნდა მოემზადოს, რათა უფალმა ადამიანები შეარიგოს ისე, რომ არავის ღირსება შეილახოს.

"რადგან უფალმა გადაწყვიტა, საქართველოში მშვიდობა იყოს, ასეც იქნება. ერთად ცხოვრება კი არ უნდა გვაიძულონ, უნდა გვიხაროდეს. სხვებს ცუდი თვალით ნუ შევხედავთ. გარდამავალი პერიოდი გვაქვს, რომელსაც ახლავს თავისი განსაცდელი, თუმცა ეს განსაცდელი უფალმა იმიტომ მოგვივლინა, რომ იქიდან გაძლიერებული გამოვიდეთ. გაგვიხარდება, თუ მთელი ერი გაიმარჯვებს. ქვეყნის არევა, სიტუაციის არევა არ შეიძლება. სამშობლო კი არ უნდა დავასუსტოთ, უნდა გავაძლიეროთ. ქვეყნის დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

პატრიარქის ქორეპისკოპოსმა დალოცა ჯარიც, რომელიც დღევანდელ წირვას ესწრებოდა და აღნიშნა, რომ ჯარისკაცები ღირსეულ ადამიანთა შორის ყველაზე ღირსეულები არიან.

მეუფე იაკობმა იმედი გამოთქვა, რომ ქართული ჯარი სათანადოდ დაფასდება და საკადრისი პატივით ისარგებლებს. "როდესაც შევრიგდებით და ეს დრო შორს არ არის, ამ ღირსეულ ადამიანებს ღირსეულად დავაფასებთ. უფალმა ინებოს, რომ გარეშე მტრის წინააღმდეგ ჯარის გამოყენება არასოდეს დაგვჭირდეს. ღმერთმა ღირსეულად ამსახუროს ჩვენი ჯარისკაცები", - ბრძანა მეუფე იაკობმა.
ქადაგების დასასრულს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაილოცა რამდენიმე გვარი, მათ შორის კერესელიძეები, უგულავები, გაბისონიები და გამისონიები.