საქალაქო სასამართლოში ლადო ვარძელაშვილის, ზვიად ქავთარაძისა და ვახტანგ ბიჭაშვილის პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში ლადო ვარძელაშვილის, ზვიად ქავთარაძისა და ვახტანგ ბიჭაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის, ლადო ვარძელაშვილის, ასევე, ზვიად ქავთარაძისა და ვახტანგ ბიჭაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. პროცესს სამივე ბრალდებული ესწრება.

როგორც ჟურნალისტებს ლადო ვარძელაშვილის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განუცხადა, არ არის გამორიცხული, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს. მისი შეფასებით, ვარძელაშვილის ბრალდება არც თუ ისე მძიმეა, რომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს. ადვოკატის თქმით, ასევე სავარაუდოა, რომ პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს ვარძელაშვილთან და მის ქვისლთან, ვახტანგ ბიჭაშვილთან დაკავშირებით აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თხოვნით მიმართოს.
ლადო ვარძელაშვილს, ზვიად ქავთარაძეს და ვახტანგ ბიჭაშვილს ბრალი გუშინ წაუყენეს. ვარძელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით ედება, რომელიც იარაღის უკანონო შენახვას გულისხმობს.

სამართალდამცველებმა სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი და მასთან ერთად ორი პირი - ზვიად ქავთარაძე და ვახტანგ ბიჭაშვილი 22 თებერვალს, ვარძელაშვილის საცხოვრებელ სახლში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ დააკავეს.

შსს-ის ინფორმაციით, 2013 წლის 22 თებერვალს, ღამით, დაკავებულები მეგობრებთან ერთად, ნუცუბიძის ქუჩაზე, ვლადიმერ ვარძელაშვილის საცხოვრებელ ბინაში სტუმრად იმყოფებოდნენ. "ვლადიმერ ვარძელაშვილმა საკუთარი იარაღის კოლექციის დასათვალიერებლად მეგობრები გვერდით ოთახში გაიყვანა. მან ზვიად ქავთარაძეს საჩვენებლად "ტეტე"-ს სისტემის პისტოლეტი მიაწოდა, რა დროსაც ამ უკანასკნელს იარაღი გაუფრთხილებლობით გაუვარდა და ტყვია მოპირდაპირედ მდგარ დევი სირაძეს გულ-მკერდის არეში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ზვიად ქავთარაძე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ იარაღი რეგისტრირებული იყო ვლადიმერ ვარძელაშვილის ნათესავის სახელზე, რომელმაც 2010 წელს აღნიშნული პისტოლეტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს საჩუქრად გადასცა. გამოძიებას აწარმოებს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს 1-ელი განყოფილება", - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.