ლადო ვარძელაშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ლადო ვარძელაშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის, ლადო ვარძელაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბრალდებულ ზვიად ქავთარაძის ადვოკატმა კახა შონიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ლადო ვარძელაშვილთან ერთად, დღეს სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს ბრალდებულების - ზვიად ქავთარაძისა და ვახტანგ ბიჭიკაშვილთან მიმართებაშიც.
ლადო ვარძელაშვილს, ზვიად ქავთარაძე და ვახტანგ ბიჭიკაშვილს ბრალი გუშინ წაუყენეს. ვარძელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით ედება, რომელიც იარაღის უკანონო შენახვას გულისხმობს.

სამართალდამცველებმა სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი და მასთან ერთად ორი პირი - ზვიად ქავთარაძე და ვახტანგ ბიჭიკაშვილი 22 თებერვალს, ვარძელაშვილის საცხოვრებელ სახლში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ დააკავეს.

შსს-ის ინფორმაციით, 2013 წლის 22 თებერვალს, ღამით, დაკავებულები მეგობრებთან ერთად, ნუცუბიძის ქუჩაზე, ვლადიმერ ვარძელაშვილის საცხოვრებელ ბინაში სტუმრად იმყოფებოდნენ.

"ვლადიმერ ვარძელაშვილმა საკუთარი იარაღის კოლექციის დასათვალიერებლად მეგობრები გვერდით ოთახში გაიყვანა. მან ზვიად ქავთარაძეს საჩვენებლად "ტეტე"-ს სისტემის პისტოლეტი მიაწოდა, რა დროსაც ამ უკანასკნელს იარაღი გაუფრთხ ილებლობით გაუვარდა და ტყვია მოპირდაპირედ მდგარ დევი სირაძეს გულ-მკერდის არეში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ზვიად ქავთარაძე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ იარაღი რეგისტრირებული იყო ვლადიმერ ვარძელაშვილის ნათესავის სახელზე, რომელმაც 2010 წელს აღნიშნული პისტოლეტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს საჩუქრად გადასცა. გამოძიებას აწარმოებს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს 1-ელი განყოფილება", - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.