ჯანდაცვის სამინისტროში დასაქმების სფეროში სახელმწიფო სტრატეგია განიხილეს

ჯანდაცვის სამინისტროში დასაქმების სფეროში სახელმწიფო სტრატეგია განიხილეს

ჯანდაცვის სამინისტროში დღეს დასაქმების სფეროში სახელმწიფო სტრატეგია განიხილეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კახაბერ საკანდელიძემ, პარლამენტის ჯანმრთელობის შრომისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებს დასაქმების სფეროში სახელმწიფოს სტრატეგია და 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო. დოკუმენტი განსახილველად უახლოეს მომავალში მთავრობას გადაეგზავნება, გაზაფხულიდან კი, ოფიციალურად ამოქმედდება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დაჩქარებისა და არსებული სოციალური პრობლემების გადაჭრისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას, როგორც ბიზნესგარემოს სრულყოფის, ისე შრომის ბაზრის ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების გზით.

სტრატეგიაში აისახა პირველი რიგის გადასაჭრელი ამოცანები, რათა შეიქმნას მყარი საფუძველი შრომის ბაზრის ეფექტური ფუნქციონირებისათვის და უმუშევართა დასაქმების ხელშეწყობისათვის. წარმოდგენილი დოკუმენტის რეალიზაციის შედეგად დასაქმების სფეროში უახლოეს ორ წელიწადში საკანონმდებლო ინფორმაციული და ორგანიზაციული სისტემა შეიქმნება", _ აცხადებენ სამინისტროში.

"შრომის კოდექსის" ახალი პროექტი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მომზადდება, ჩამოყალიბდება სახელმწიფო ორგანიზაციული სისტემა. კერძოდ, სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით კონსულტაციისა და დასაქმების ცენტრების ქსელი შეიქმნება.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, სტატეგიის პრეზენტაცია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დონორი ორგანიზაციებისათვის უახლოეს მომავალში გაიმართება.