ვანო მერაბიშვილი აქციაზე პლაკატით -

ვანო მერაბიშვილი აქციაზე პლაკატით - "გიგი, არ დაუთმო თბილისი ბიძინა ივანიშვილს" მივიდა

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი და თბილისის მერის მოადგილე ვანო მერაბიშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან გიგი უგულავას მხარდამჭერ აქციაზე პლაკატით - "გიგი, არ დაუთმო თბილისი ბიძინა ივანიშვილს" მივიდა. მერაბიშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია და აღნიშნა, რომ უგულავასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით შეფასებას მოგვიანებით გააკეთებს.

დეპუტატ დავით საყვარელიძის თქმით კი, უგულავას და სხვა მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვაზე დაბარება ივანიშვილის კაპრიზების გამო ხდება.

"სამწუხაროა, რომ თბილისის ყველაზე წარმატებულ მერს უწევს დაკითხვაზე სიარული. ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის კაპრიზების გამო და რაც მთავარია, თითიდან გამოწოვილი მიზეზით. ეს ყველაფერი არის სასაცილო და ვფიქრობ, რომ დიდხანს არ გაგრძელდება", - აღნიშნა დავით საყვარელიძემ.

ამ დროისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებით სავსეა.