გოკა გაბაშვილი – ივანიშვილი ყველაფრის დათრევას ცდილობს

გოკა გაბაშვილი – ივანიშვილი ყველაფრის დათრევას ცდილობს

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის მტკიცებით პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "ყველაფრის დათრევას ცდილობს, რაც არჩევნების შემდეგ ვერ დაითრია". ამის შესახებ გაბაშვილმა ჟურნალისტებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან განუცხადა, სადაც გიგი უგულავას მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილ აქციაზე მოვიდა.

"მოვედი, რათა გიგის გამოვუცხადო სოლიდარობა. ყველას გვესმის, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის მცდელობა, ბიძინა ივანიშვილმა დაითრიოს ის, რაც არჩევნების შემდეგ ვერ დაითრია. პირველი ოქტომბრის შემდეგ ყველა თვითმმართველობაზე ზეწოლა ხორციელდებოდა, ახლა ეს მცდელობაა თბილისში - მთავრობას უნდა ჩაიგდოს თბილისის თვითმმართველობა ხელში და ოპოზიცია მთლიანად გაანადგუროს", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

მისივე განმარტებით, ასეთი ქმედებებით ხელისუფლება მხოლოდ ხელს შეუწყობს იმას, რომ 19 აპრილს დაგეგმილ მიტინგზე "ნაციონალური მოძრაობა" "კიდევ უფრო მეტი იყოს".

"დაჭერები ვერ იხსნის მათ და თუ ხელს არ მოკიდებენ იმ საქმეს, რისთვისაც ისინი ხალხმა აირჩია, ჩვენ 19 აპრილს ვიქნებით კიდევ უფრო მეტი", - აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.
გიგი უგულავა დღეს საგამოძიებო სამსახურში, 14:00 საათზეა დაბარებული, სადაც ტელეკომპანია "იმედისა" და "თბილსერვისჯგუფის" საქმეზე ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.