საგამოძიებო სამსახურთან გიგი უგულავას მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან

საგამოძიებო სამსახურთან გიგი უგულავას მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან. ამ დროისთვის საგამოძიებო სამსახურის შენობასთან უგულავას რამდენიმე ათეული მხარდამჭერია შეკრებილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მათგანმა, იურისტმა გიორგი ონიანმა განუცხადა, უგულავას მიმართ წაყენებული ბრალდებები ბუნდოვანია.

"მე პირადად მოვედი იმისთვის, რომ ამ საქმეზე მეტი გავიგო, რადგან ის ბრალდებები, რომლებსაც უგულავას უყენებენ ბუნდოვანია. ამ ხელისუფლების ქცევა არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, მათ შორის არც სამართლებრივ და არც პოლიტიკურს", - განაცხადა გიორგი ონიანმა.

ამასთან, ის მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც დღეს უგულავას დაკავება არ იგეგმება და მას არაადექვატური უწოდა.
"თუ პირს 15 მილიონის მოპარვას ედავებიან, არ მესმის, როგორ შეიძლება არ დააკავო. გამოდის, რომ საქმე გვაქვს მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის მცდელობასთან და უგულავას მიერ ბრალის წაყენებას მთავრობა იყენებს, როგორც პოლიტიკური დევნის იარაღს", - აღნიშნა ონიანმა.

ამასთან, მან გიგი უგულავასთან მიმართებაში გუშინ გაკეთებული განცხადების გამო პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა და ის უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაში დაადანაშაულა.

"პრემიერ-მინისტრის მხრიდან მტკიცებით ფორმაში წინასწარ საუბარი, რომ გიგი უგულავა არის დამნაშავე, - ეს არის მიუღებელი, ვინაიდან მისთვის ბრალდების დადგენა ჯერ არც კი მომხდარა", - აღნიშნა ონიანმა.

გიგი უგულავა დღეს საგამოძიებო სამსახურში, 14:00 საათზეა დაბარებული, სადაც ტელეკომპანია "იმედისა" და "თბილსერვისჯგუფის" საქმეზე ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.