სევდია უგრეხელიძე მზად არის, დედაქალაქის მერის მოვალეობები შეასრულოს

სევდია უგრეხელიძე მზად არის, დედაქალაქის მერის მოვალეობები შეასრულოს

თბილისის პირველი ვიცე-მერი სევდია უგრეხელიძე, გიგი უგულავას დაკავების შემთხვევაში, მზად არის, მისი დედაქალაქის მერის მოვალეობები შეასრულოს. როგორც "პირველ რადიოში" დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უგრეხელიძემ განაცხადა, მერიას ექსტრემალურ პირობებში უწევს მუშაობა.

"მე რომ მქონდეს ეჭვი, რომ მერიაში ადგილი ჰქონდა დანაშაულს კი არა, რაიმე გადაცდომას, ამ მოვალეობის შესრულებას არ დავთანხმდებოდი", - აცხადებს უგრეხელიძე.
მისი თქმით, მერიაში ყველაფერი ხდებოდა კანონის სრული დაცვით.

"მე ვიცნობ სტრუქტურას და მის მუშაობას 9 წლის განმავლობაში. რაიმე ისეთი არ ხდებოდა, რაც კანონთან მოდის წინააღმდეგობაში", - აცხადებს სევდია უგრეხელიძე.
პირველი ვიცე-მერის თქმით, როცა ქალაქის არჩეული მერის დაკავებაზეა საუბარი, სულ ცოტა მეტი მტკიცებულებებია საჭირო.

"ახალ მთავრობას სურს, ქალაქის მმართველობა სრულად ჩაიგდოს ხელში. რეგიონებში ეს მოახერხეს ძალადობის გზით, დედაქალაქში კი ეს ვერ შეძლეს",-მიიჩნევს სევდია უგრეხელიძე.
თბილისის მერს, გიგი უგულვას ბრალს დღეს წაუყენებენ.