დავით უსუფაშვილი - ყოჩაღი ბიჭებისათვის რაღაც უბნების მიმაგრების პროცესი გრძელდება

დავით უსუფაშვილი - ყოჩაღი ბიჭებისათვის რაღაც უბნების მიმაგრების პროცესი გრძელდება

მარიფათიანი, ყოჩაღი ბიჭებისათვის რაღაც უბნების მიმაგრების პროცესი გრძელდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა .

უსუფაშვილმა კომენტარი გააკეთა ვანო მერაბიშვილის თბილისის მერის მოადგილედ დანიშვნასთან დაკავშირებით, ასევე, დედაქალაქის მერისთვის წაყენებულ ბრალდებაზე.

"მერაბიშვილს რომ მერის მოადგილეობა მივულოცო, არ იქნება სწორი. მეტად საპასუხისმგებლო საქმეები ებარა მას, ის საქმეები სწორედ და კარგად რომ წარემართა ან ეცადათ მისთვის სწორედ და კარგად კეთება, შესაძლოა ეს მისთვისაც კარგი ყოფილიყო და ქვეყნისთვისაც. ახლა ახალ პოსტზე ვერაფერს ვუსურვებ", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ პოლიტიკური ბრძოლა, პოლიტიკური კონკურენცია არის ერთი საქმე და კანონი - მეორე; კანონის დარღვევა არ ეპატიება არც ოპოზიციას და არც ხელისუფლების წარმომადგენლებს.

"მშვიდ, ნორმალურ ქვეყანაში ვანო მერაბიშვილი შესაძლოა, მერის კარგი მოადგილე ყოფილიყო. ეჭვი მეპარება, მერის მოადგილედ იმისთვის ინიშნებოდეს, რომ მოსახლეობას კარგი სერვისი შესთავაზოს. სამწუხაროდ, გრძელდება ის პროცესი, რაც წინა ხელისუფლებაში იყო - მარიფათიანი, ყოჩაღი ბიჭებისათვის რაღაც უბნების მიმაგრება", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მისივე განცხადებით, წინა ხელისუფლებაში იყო პრეცედენტები, როდესაც თავდაცვის მინისტრი რთველის ორგანიზებაში იყო ჩართული, მთავარი პროკურორი სიღნაღის გალამაზებით იყო დაკავებული, ვანო მერაბიშვილის ახლა სხვა მიმართულებით გამოყენება სჭირდებათ.

"ახლა ბატონი ვანოს სხვა მიმართულებით გამოყენება სჭირდებათ. ცოტა რთულია ახლა ამაზე საუბარი. სერიოზულ თემებზე შეთანხმებისა და სწორი გზით სიარულის შემთხვევაში შეიძლებოდა, ვანოც ყოფილიყო მერის მოადგილე და მიხეილ სააკაშვილი კიდევ რამე და ვინმე ოდესმე, მაგრამ ამას სჭირდება სერიოზულ საკითხებზე სწორი გადაწყვეტილება", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ გიგი უგულავას ბრალდებასა და 19 აპრილის აქციასთან შესაძლო კავშირზე გააკეთა კომენტარი; მისი თქმით, 19 აპრილის აქცია დაანონსებული იყო 2 დღით ადრე, გიგი უგულავა კი საგამოძიებო ორგანოებში რამდენჯერმე იყო დაკითხვაზე დაბარებული, ამიტომ უსუფაშვილი ამ ორ ფაქტს შორის კავშირს ვერ ხედავს.