მიხეილ სააკაშვილი მისი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს შეცდომაზე საუბრობს

მიხეილ სააკაშვილი მისი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს შეცდომაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი ხელისუფლების დროს "პატარა ჯიხურებში" საგადასახადო სამსახურების შესვლას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებად აფასებს და აცხადებს, რომ ამის გამო უკმაყოფილო იყო.

როგორც სააკაშვილმა გადაცემა "აქცენტებში" საუბრისას აღნიშნა, მას ერთ-ერთ უმთავრეს შეცდომად მიაჩნია ის, რასაც ამ კუთხით მისი მთავრობის დროს სამართალდამცავი სისტემები აკეთებდნენ.
"მე არ ვიყავი პროკურატურის მუშაობის ბოლომდე კმაყოფილი. ბევრი რაღაცით ვიყავი უკმაყოფილო, მათ შორის საკონტროლო შესყიდვების ინსტიტუტით. რა თქმა უნდა, ნორმალური იყო იმის კონტროლი, რომ ჩინოვნიკს და მსხვილ ბიზნესმენს არ მოეპარა გადასახადი, მაგრამ იგივეს ვაკეთებდით ელიავას ბაზრობაზე ჯიხურის მეპატრონის მიმართ, თან მას, ვინც ამას აკეთებდა, ჰქონდა გეგმა შესასრულებელი - გამომუშავებაზე იყო და პროვოკაციაზე მოყავდა ადამიანი. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რომ ამაში პროკურატურა იყო ჩარეული და, რა თქმა უნდა, ეს იყო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი შეცდომა, რასაც ჩვენი სამართალდამცავი სისტემები აკეთებდნენ და რასაც, სამწუხაროდ, დღევანდელები ასმაგად იმეორებენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე განმარტებით, პროკურატურის რეფორმირება დაიწყეს, თუმცა უწყებას გაუჩნდა ინსტიქტი, მეტი შემოსავალი მიეღო.

"ეს მაშინაც მიმაჩნდა შეცდომად. ჩვენ დავიწყეთ პროკურატურის რეფორმირება, თუმცა, სამწუხაროდ, რაღაც მომენტში "გაიჭედა". ჩვენ მივაღწიეთ ბიუჯეტის გათეთრებას და ასეთი სუფთა ეკონომიკა იმ გაგებით, რომ ყველაფერი ბიუჯეტში მიდიოდა და არა ჯიბეებში, მაგრამ მეორე მხრივ, მადა ჭამაში მოდისო და გაუჩნდა პროკურატურას ეს ინსტიქტი, რომ მეტი შემოსავალი მიეღო _ იქ ბათუმში რაღაცა გვქონდა ასაშენებელი, თელავის ცენტრი იყო გასაკეთებელი, იქ ქუთაისში კიდევ რაღაცეები. ამან გამოიწვია რეალურად გადამლაშება და ბიზნესთან მიმართებაში ეს პრობლემები ნამდვილად შეიქმნა", - აღნიშნა სააკაშვილმა.