პარლამენტში კენჭისყრები ჩაიშალა

პარლამენტში კენჭისყრები ჩაიშალა

ქვორუმის პრობლემის გამო პარლამენტის პლენარული სხდომის დღის ბოლოს დაგეგმილი კენჭისყრები ჩაიშალა. ქვორუმის პრობლემა კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დეპუტატების ქუთაისიდან თბილისში გამგზავრებამ გამოიწვია.

დღის ბოლოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ზუსტად 69 დეპუტატი იყო მაშინ, როცა ქვორუმი 76 დეპუტატით არის განსაზღვრული.

თანაგუნდელებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განუმარტა, რომ ის ესაუბრა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, რომელთა წასვლა უკავშირდება თბილისის მერთან დაკავშირებით სამართალდამცავების მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას და ამ შემთხვევაში საპარლამენტო თემატიკა არაფერ შუაშია.

კენჭისყრები გაიმართება პარლამენტის უახლოეს სესიაზე, რომელიც იქნება მომდევნო სასესიო კვირა. მომავალ კვირაში კი პარლამენტში გაიმართება ბიუროს სხდომა, რომელიც ოთხშაბათს ჩატარდება და დანარჩენი დღეები დაეთმობა საკომიტეტო განხილვებს.

დღეს პარლამენტს რამდენიმე ათეული კანონპროექტისთვის უნდა ეყარა კენჭი. მათ შორის იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა და ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტიც.