მამუკა არეშიძე - ვაინახებთან დაკავშირებით სოლიდარობის საზოგადოებრივ დონეზე დემონსტრირება აუცილებელია

მამუკა არეშიძე - ვაინახებთან დაკავშირებით სოლიდარობის საზოგადოებრივ დონეზე დემონსტრირება აუცილებელია

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ვაინახების დეპორტაციის დღესთან დაკავშირებით, სოლიდარობის საზოგადოებრივ დონეზე დემონსტრირება აუცილებელია , თუმცა ამას პოლიტიკური ელფერი არ უნდა მიეცეს. 

როგორც არეშიძემ საპარლამეტო უმცირესობის წევრების, სერგო რატიანისა და ნუგზარ წიკლაურის ინიციატივის კომენტირებისას "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, 23 თებერვალი ნებისმიერი ჩეჩენისა და ინგუშისთვის მნიშვნელოვანი თარიღია.

"ეს მათთვის არის ისტორიული მეხსიერების ნაწილი და ეროვნული ტრაგედია. ამიტომ ბუნებრივია, სოლიდარობის გამოთქმის უფლება, თავი და სურვილი გვაქვს. ეს ასე უნდა იყოს. ამის დემონსტრირება საზოგადოებრივ დონეზე აუცილებელია, მაგრამ ამას არ უნდა მიეცეს პოლიტიკური ელფერი. საზოგადოებრივ დონეზე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს",- აღნიშნა არეშიძემ და დასძინა, რომ ხვალ, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ქისტები თბილისში მცხოვრებ ჩეჩნებთან ერთად შეკრებას აწყობენ.

ამასთან, ჩეჩენი და ინგუში ხალხების დეპორტაციის დღეს უკვე რამდენიმე წელია აღნიშნავს "კავკასიის ფონდი". ფონდის პრეზიდენტის გივი ღამბაშიძის თქმით, 23 თებერვალს სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები კონფერენციებს მართავენ.

"რა დონეზე აღინიშნება, ეს უკვე სახელმწიფოს გადასაწყვეტია. მე პირადად, ჩვენი "კავკასიის ფონდი" რამდენიმე წელიწადია ჩვენი მოძმე კავკასიელი ხალხების ისტორიის ამ მეტად სამწუხარო ფაქტს აღვნიშნავთ. ვიწვევთ კონფერენციებს, ჩამოგვყავს კოლეგები, მეცნიერები ჩეჩნეთიდან, ინგუშეთიდან და აღინიშნება ეს დღე",- განმარტა ღამბაშიძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული განცხადების პროექტი 1944 წლის 23 თებერვალს ჩეჩენი და ინგუში ხალხების დეპორტაციას ეხება და მასში წარმოადგენილია ინიციატივა 23 თებერვლის კავკასიელი ხალხების სოლიდარობის დღედ გამოცხადების შესახებ.

პროექტში აღნიშნულია, რომ 1944 წლის 23 თებერვალს განხორციელდა საქართველოს მოძმე ერების - ინგუშებისა და ჩეჩნების დეპორტაცია სამშობლოდან შუა აზიის რესპუბლიკებში, ჩრდილოეთ კავკასიიდან გაასახლეს ნახევარ მილიონამდე ჩეჩენი და ინგუში, დეპორტაციას თან ახლდა ადამიანების ინდივიდუალური და მასიური მკვლელობები, მონური შრომა საკონცენტრაციო ბანაკებში, ფიზიკური ტერორის სხვა ფორმები, შიმშილი და ეპიდემიები, რამაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები შეიწირა.

პროექტში ნათქვამია, რომ საქართველო სრულად იზიარებს ინგუში და ჩეჩენი ერების ტრაგედიას და პატივს მიაგებს საბჭოთა ტოტალური რეჟიმის მიერ რეპრესირებულ ადამიანთა ხსოვნას. განცხადების პროექტში ნათქვამია, რომ საბჭოთა რეპრესიები არის ის საერთო ტრაგედია, რაც საქართველომ კავკასიის სხვა რეგიონებთან ერთად გამოიარა და აღნიშნულია, რომ პარლამენტი ისურვებდა, ასეთი რამ კავკასიაში აღარ განმეორდეს.

"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ტოტალური კომუნისტური რეჟიმების მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები ნაცისტური გერმანიის დანაშაულისგან განსხვავებით ჯერ კიდევ არაა ჯეროვნად შეფასებული. დარწმუნებული ვართ, რომ ისტორიის ზუსტი და ადეკვატური შეფასება, საზოგადოების და განსაკუთრებით ახალგაზრდების ინფორმირება იქნება საფუძველი, რათა მომავალში მსგავსი დანაშაულები აღარ განმეორდეს. კიდევ ერთხელ გვსურს გამოვხატოთ ღრმა მწუხარება ინგუში და ჩეჩენი ერების ტრაგედიის მიმართ და სამომავლოდ ვისურვოთ, ჩვენი ერების ერთიან მშვიდობიან და განვითარებულ კავკასიში ცხოვრება. საქართველოს პარლამენტი გამოდის ინიციატივით, 23 თებერვალი გამოცხადდეს კავკასიელი ხალხების სოლიდარობის დღედ", – ნათქვამია განცხადების პროექტში.

ამასთან, 1944 წლის 23 თებერვალს ჩეჩენი და ინგუში ხალხების დეპორტაციასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ სპეციალური განცხადების მიღებაზე "ნაციონალურ მოძრაობას" დღეს ბიურომ უარი უთხრა.

ამ უარის მიუხედავად, ზოგადად, საბჭოთა რეჟიმის რეპრესიები პარლამენტში მსჯელობისა და მის მიერ სპეციალური განცხადების მიღების საკითხი, შესაძლოა, მაინც გახდეს.