დიპლომატები 19 აპრილის მიტინგზე პრემიერ-მინისტრის მოსაზრებით დაინტერესდნენ

დიპლომატები 19 აპრილის მიტინგზე პრემიერ-მინისტრის მოსაზრებით დაინტერესდნენ

დიპლომატები "მაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული 19 აპრილის მიტინგზე პრემიერ-მინისტრის მოსაზრებით დაინტერესდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დიპლომატიურ კორპუსთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოში ყველას აქვს აზრის გამოთქმის საშუალება და მთავრობა არის გარანტი, რომ ყველას ამის შესაძლებლობა ექნება.

"რაც შეეხება შეკითხვას, თუ რა მოწოდებით კეთდება ეს აქცია, პრემიერმა აღნიშნა, რომ მისთვის საკითხის ასე დასმა გაუგებარია, რადგან საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ცნობილია, უცვლელია და მთავრობას არასოდეს გაუკეთებია ამის საწინააღმდეგო განცხადება. არ არსებობს არც ერთი საბუთი, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური გზიდან საქართველოს გადახვევას ამტკიცებს. მიმაჩნია, რომ ეს არის ღია კარის მტვრევა", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

მინისტრის ინფორმაციით, დიპლომატებმა პრემიერს ბევრი შეკითხვა დაუსვეს და, ძირითადად, აინტერესებდათ ეკონომიკასთან, ტრანსპორტთან და მთავრობის მიერ დაგეგმილ საინვესტიციო ფონდებთან დაკავშირებული საკითხები.

მაია ფანჯიკიძის განმარტებით, შეკითხვები სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე, საპრეზიდენტო არჩევნებზეც დაისვა და პრემიერმა ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხა.
ბიძინა ივანიშვილი დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.