დავით კირვალიძე ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა

დავით კირვალიძე ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე, საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის სტეფან ლე ფოლის მიწვევით, პარიზში გაემგზავრა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტი ოფიციალურია, რომლის ფარგლებშიც დავით კირვალიძე პარიზში "სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა 2013"-ს დაესწრება. გამოფენა ოფიციალურად ხვალ გაიხსნება.

სამინისტროს ცნობით, წელს გამოფენა ნახევარსაუკუნოვან იუბილეს აღნიშნავს და 40-ზე მეტ ქვეყანას მასპინძლობს. გამოფენა-გაყიდვა მრავალფეროვანია. წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის პროდუქცია, მათ შორის: ღვინო, რძის და ზღვის პროდუქტი, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ბაღების ნიმუშები.

1964 წლიდან გამოფენის ფარგლებში ტარდება "ღვინის საერთო კონკურსი", რომელშიც მონაწილეობს ღვინის 3 000–მდე ექსპერტი და 5 000–მდე მწარმოებელი. 4 000–მდე სასოფლო–სამეურნეო პროდუქტი "სოფლის მეურნეობის პროდუქტების საერთო კონკურსს" გაივლის. კონკურსების ფარგლებში გაიცემა პრიზები და ჯილდოები.

გამოფენის მსვლელობისას ხორციელდება ფართომასშტაბიანი გაყიდვები 5 000 სავაჭრო წერტილიდან. წარმოდგენილ ქვეყნებს ეძლევათ საუკეთესო საშუალება თავიანთი ნაციონალური პროდუქცია დანარჩენ მსოფლიოს გააცნონ.