ბიძინა ივანიშვილი - დავით უსუფაშვილმა კარგი გამოსავალი იპოვა

ბიძინა ივანიშვილი - დავით უსუფაშვილმა კარგი გამოსავალი იპოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარის პასუხს პრეზიდენტისადმი იწონებს.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ღია წერილის და ამ საკითხზე დავით უსუფაშვილის პასუხის კომენტირებისას განუცხადა, დავით უსუფაშვილმა კარგი გამოსავალი იპოვა.

"ვიდრე კანონპროექტთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია არ დაფიქსირდებოდა, უმრავლესობა პრეზიდენტის გამოსვლას არ დაესწრებოდა და ეს იქნებოდა უხერხული როგორც პარლამენტისთვის, ისე თავად პრეზიდენტისთვის. ეს კარგი გამოსავალია, თუმცა როგორც ვიცი, უმცირესობამაც მედიით გაიგო სააკაშვილის ამ განცხადების შესახებ. იგი პრინციპულად არ აკეთებს რეაქციას კითხვაზე, სურს თუ არა გააგრძელოს დიქტატორული კანონით მოქმედება. ბოდიშის მოხდას მისგან არ ვითხოვთ, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხს ვერ სცემს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

პრეზიდენტმა პარლამენტს ღია წერილით გუშინ მიმართა და კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულების აღსრულებისა და პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენის თარიღის დანიშვნისკენ მოუწოდა. საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პრეზიდენტს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართვის საშუალება, სავარაუდოდ, მარტის ბოლოსკენ ექნება, თუმცა, მისი გამოსვლა იქნება ცარიელ კედლებში თუ პარლამენტში, ეს დამოკიდებულია მის გადაწყვეტილებაზე – მზადაა თუ არა, რომ გაიზიაროს შეთავაზებული საკონსტიტიციო ცვლილება და პარლამენტს საკუთარი უფლებამოსილება დაუბრუნოს.