პროკურატურა საკრებულოს წევრებს სხდომის დროს დაკითხვაზე არ დაიბარებს

პროკურატურა საკრებულოს წევრებს სხდომის დროს დაკითხვაზე არ დაიბარებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის მიმართვას ეხმაურება. 

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, პროკურატურა ითვალისწინებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მომართვას და გადაწყვიტა, საკრებულოს თანამშრომლები დაკითხვებზე თვის ბოლო პარასკევს არ დაიბაროს.

"ზაალ სამადაშვილმა საქართველოს მთავარ პროკურორს დღეს მიმართა. მიმართვაში ნათქვამია, რომ პროკურატურის საგამოძიებო სამსახურების მიერ საკრებულოს თანამშრომლების მოწმის სახით დაბარება ხდება საკრებულოს სხდომების დროს. სხდომები ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება. მთავარმა პროკურატურამ გადაწყვიტა გაითვალისწინოს საკრებულოს თავმჯდომარის მომართვა", - ნათქვამია განცხადებაში.

ზაალ სამადაშვილის განცხადებით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში სისტემატური ხასიათი მიიღო საგამოძიებო უწყების მხრიდან თბილისის საკრებულოს წევრების მოწმის სტატუსით საკრებულოს სხდომების დროს დაბარებამ.

"გაცნობებთ, რომ თბილისის საკრებულოს სხდომები იმართება ყოველი თვის ბოლო პარასკევს და საკრებულოს წევრების უპირველესი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა მონაწილეობა მიიღონ სხდომაში, რათა ეფექტურად და პოზიტიურად გადაწყდეს თბილისის და თბილისელების წინაშე არსებული პრობლემური საკითხები", - ნათქვამია პროკურატურისადმი სამადაშვილის მიმართვაში.