ბიძინა ივანიშვილი - კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც ადრე ხორციელდებოდა, ერთი პარტიის სურვილზე იყო აგებული

ბიძინა ივანიშვილი - კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც ადრე ხორციელდებოდა, ერთი პარტიის სურვილზე იყო აგებული

კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში ხორციელდებოდა, არ იყო გათვლილი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში", საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

"საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ერთ დროს პრაქტიკულად პარტიის მიერ კონტროლდებოდა. როგორც იცით, საპარლამენტო უმრავლესობას ბოლო 9 წლის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენდა და ძალიან ბევრი კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ხშირად ხორციელდებოდა, არ იყო გათვლილი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე და, პრაქტიკულად, ერთი პარტიის სურვილზე იყო აგებული და მორგებული",-განაცხადა ივანიშვილმა.

აქვე საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ დღეს მხოლოდ წარსულზე სასაუბროდ არ არის მოსული.

დღევანდელ შეხვედრაში, პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თამარ ჩუგოშვილი.