მიხეილ სააკაშვილი - დღეს მშენებლობებიც გაჩერებულია და სოციალურ დახმარებებსაც არ აძლევენ ოჯახებს

მიხეილ სააკაშვილი - დღეს მშენებლობებიც გაჩერებულია და სოციალურ დახმარებებსაც არ აძლევენ ოჯახებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს რუსთავში სოციალურად დაუცველ ორ მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა.

თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილი წულუკიძის ქუჩაზე მცხოვრებ ასანიძეების ექვსშვილიან ოჯახში მივიდა, შემდეგ კი ალიევების 5-შვილიან ოჯახს ესტუმრა.

ასანიძეების ოჯახს, როგორც ოჯახის დიასახლისმა განაცხადა, თებერვალში სახელმწიფოს მიერ გაცემული 198-ლარიანი სოციალური დახმარების გაცემა შეუჩერდა იმ მიზეზით, რომ ოჯახის უფროსმა კომპანია "გზატკეცილ +"-ში სამი კვირის განმავლობაში გზების მშენებლობაზე დროებით იმუშავა და პირად ანგარიშზე შრომითი ანაზღაურება 210 ლარის ოდენობით დაერიცხა.

პრეზიდენტი ოჯახის წევრებს გაესაუბრა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, მას სურს, მიმართოს საქართველოს მთავრობას, რომელიც მოვიდა იმ ლოზუნგით, რომ უნდა დაეხმაროს სოციალურად გაჭირვებულებს. პრეზიდენტის თქმით, ახლანდელი მთავრობა აცხადებდა, რომ ფული, რომელიც იხარჯებოდა გზატკეცილებისა და გზების მშენებლობაზე, უნდა დაიხარჯოს სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, თუმცა დღეს მშენებლობებიც გაჩერებულია და სოციალურ დახმარებებსაც არ აძლევენ მსგავს ოჯახებს.

"ეს არ არის მთავრობაში და ვიღაცეებში პოლიტიკური საკითხი, ეს არის საერთო ეროვნული საკითხი, რომ ამ ხალხს ჰქონდეს დახმარება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ამ ოჯახს პრეზიდენტის ფონდიდან დაეხმარება, მაგრამ ასეთი ოჯახი საქართველოში დღეს მრავლად არის. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველთა სიიდან დღეისათვის 11 ათასი ოჯახია ამოღებული და ვარაუდობენ, რომ კიდევ სულ მცირე 25 ათას ოჯახს ამოიღებენ.

"25 ათას ასეთ ოჯახს ამოიღებენ სიებიდან. ხელი როგორ არ უკანკალებთ, ასეთ ოჯახებს რომ იღებენ სიიდან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტი დაინტერესდა და კითხვით მიმართა ქვემო ქართლის გუბერნატორ დავით კირკიტაძეს, ჩამოდიან თუ არა მინისტრები რუსთავში. მან აღნიშნა და მოუწოდა მთავრობის წევრებს, ჩავიდნენ რუსთავში და მივიდნენ სწორედ ასეთ სოციალურად დაუცველ ოჯახებში.

როგორც პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, მიესალმება იმას, რომ ასეთ ოჯახებზე დახმარება გაიზარდოს სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ თუ ეს იმის ხარჯზე ხდება, რომ ვიღაცას მოაკლდა და ვიღაცას გადაუნაწილდა, ცუდია.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე ისაუბრა ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებაზე. პრეზიდენტის თქმით, იმის გამო, რომ პროექტებს ვიღაცის ჯიბრზე აჩერებენ, ამ პროექტების შეჩერება სწორედ ასეთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ურტყავს და მათ ყოფაზე აისახება. მან ასევე დასძინა, რომ მსგავსი ქმედება სრულიად დაუშვებელია.

მიხეილ სააკაშვილი ასანიძეების ოჯახში სტუმრობის შემდეგ ალიევების ოჯახს ესტუმრა. მათ ოჯახში ხუთი ბავშვი ჰყავთ და ერთ-ერთი შვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. პრეზიდენტმა ალიევების ოჯახსაც დახმარების გაცემა პრეზიდენტის ფონდიდან აღუთქვა.