"მარგებელი ჰოლდინგი" აცხადებს, რომ ქართული მიწის გაყიდვაში არ მონაწილეობს

"მარგებელი ჰოლდინგი" ქართული მიწის გაყიდვაში არ მონაწილეობს, - ამის შესახებ ნათქვამია "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. 

მათივე ინფორმაციით, 20 თებერვალს გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელშიც ინდოეთის მოქალაქე, ვინმე საინი დარმჯითი თითქოსდა ყიდულობს ქართულ მიწას.

"მარგებელი ჰოლდინგის" სახელით გვინდა განვუმარტოთ საზოგადოებას ამ ვიდეორგოლში ჰოლდინგის დირექტორის, ბატონი ავთანდილ სვიმონიშვილის და ჩვენი კომპანიის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოჩენა. "მარგებელი ჯგუფში" შემავალი ერთ-ერთი კომპანია "მარნეული აგრო" ოპერირებს სოფლის მეურნეობის სფეროში. ზემოთ აღნიშნული ინდოეთის მოქალაქე, გასული წლის ივნისში სწორედ "მარნეული აგროში" იმყოფებოდა, მაგრამ არა მიწის, არამედ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (თესლის-ჩითილის) საყიდლად. ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებმა სტუმარს მოუწყვეს მცირე ექსკურსია და დაათვალიერებინეს საჩითილე მეურნეობა. დათვალიერების დროს გადაღებული კადრები კი სტუმრებმა საკუთარი კლიპის გადაღებისთვის გამოიყენეს, რომელიც, როგორც შემდგომში გაირკვა, საქართველოში მიწის ნაკვეთების ყიდვის რეკლამირებას ახდენდა. ჰოლდინგისა და მასში შემავალი ყველა კომპანიის სახელით, გვსურს დავაფიქსიროთ, რომ არც ამჟამად და არც მომავალში არ ვაპირებთ ჩვენი კუთვნილი მიწის ნაკვეთების გაყიდვას ან გასხვისებას და რომ საინი დარმჯითის კლიპში გახმოვანებული ძირითადი გზავნილი საქართველოში მიწის ყიდვის მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ჩვენს ჰოლდინგსა და მის გეგმებს არ უკავშირდება",-ნათქვამია განცხადებაში.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია უარყოფს მიწის გაყიდვის ფაქტს და აცხადებს, რომ საწუხაროდ იმ მცირერიცხოვან ქართული კომპანიების ნუსხაში არიან, ვინც 34 მილიონი ლარის ინვესტირება განახორციელა ქართული სოფლის განვითარებისთვის.

"მოვუწოდებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მოინახულოს ჩვენი მეურნეობა და მოგვბაძოს ქართული საქმის კეთებაში. კომპანია "მარნეული აგრო" უკვე 5 წელი წარმატებით მოღვაწეობს სოფლის მეურნეობის სფეროში. დღეისათვის ქვემო-ქართლის რეგიონში ჩვენ ვფლობთ 1000 ჰა-მდე მიწის ნაკვეთებსდა დამატებით იჯარით აღებული გვაქვს 500 ჰა-მდე მიწა იმავე რეგიონში, სადაც თანამედროვე, ევროპული ტექნოლოგიებითა და სტანდარტებით მოგვყავს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. ამ ხნის განმავლობაში "მარნეულია აგროსა" და "მარნეულის სასურსათო ქარხნაში", რომლისთვისაც "მარნეული აგრო" ნედლეულის ძირითადი მიმწოდებელია, მილიონობით ინვესტიცია არის განხორციელებული. უახლესი წლების განმავლობაში კი ჩვენ წარმოების გაფართოებას და წარმადობის მნიშვნელოვან ზრდას ვგეგმავთ",-ნათქვამია განცხადებაში.