გოგა ხაჩიძე ბიძინა გუჯაბიძეს ჰომოფობიური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს

გოგა ხაჩიძე ბიძინა გუჯაბიძეს ჰომოფობიური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე დეპუტატ ბიძინა გუჯაბიძეს ჰომოფობიური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს. ეს ბრალდება ბიძინა გუჯაბიძის მისამართით 

გოგა ხაჩიძემ პარლამენტის სესიაზე, რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვისას გააკეთა, რომელიც დეპუტატთა ჩაცმულობაში ეროვნული სამოსის შემოტანას ითვალისწინებს.
როგორც გოგა ხაჩიძემ ბიძინა გუჯაბიძის მისამართით განაცხადა, მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გოგა ხაჩიძეს თუკი სურს შეუძლია, ჩაიცვას ჩოხა, ხოლო თუ სურს - სექსუალური უმცირესობისთვის განკუთვნილი სამოსი. ხაჩიძემ კოლეგას მოსთხოვა, რომ ამ განცხადებაზე განმარტებები გაეკეთებინა და აღნიშნა, რომ ეს განცხადება იყო ჰომოფიბიური.

ხაჩიძის ეს განცხადება გაიზიარა მისმა თანაგუნდელმა ლევან ბეჟაშვილმა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ შესაძლოა, გუჯაბიძის აღნიშნული განცხადების გადმოცემა ჟურნალისტის ინტერპრეტაციაც იყო.

საკითხს ამ წუთებში პარლამენტის სესიაზე განიხილავენ. კანონპროექტის თანახმად, პარლამენტის წევრებს, რომელთა ჩაცმულობა რეგლამენტის მიხედვით განისაზღვრება, როგორც საპროტოკოლო საქმიანი, საშუალება ეძლევათ სხდომათა დარბაზში გამოცხადნენ ეროვნულ ტანსაცმელში.

დეპუტატებს ასევ დაურიგდათ პარლამენტის ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, სადაც ასახულია, თუ როგორია ამგვარი პრაქტიკა სხვა ქვეყნებში. როგორც ირკვევა, ასეთი ჩანაწერი სახელმწიფოთა უმრავლეს პარლამენტში არ არსებობს, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც ეროვნული სამოსის საკითხი ფიგურირებს, მათ დეპუტატები იცვამენ საზეიმო, სადღესასწაულო სხდომებზე.
სადღეისოდ მოქმედი რეგლამენტის თანახმად, ქართველი პარლამენტარები ვალდებულნი არიან, პარლამენტში მივიდნენ საპროტოკოლო საქმიანი სამოსით. კერძოდ მამაკაც დეპუტატებს პარლამენტში უნდა ეცვათ კოსტიუმი, ეკეთოთ ჰალსტუხი და, ასევე, ქალებიც უნდა გამოცხადნენ ოფიციალურ ჩაცმულობაში.