ხიდის მშენებლობის შეჩერებაზე მერია კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

ხიდის მშენებლობის შეჩერებაზე მერია კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

მარშალ გელოვანის გამზირისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის შეჩერებაზე თბილისის მერია კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. 

როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი, მუნიციპალური განვითარების ფონდს მოძრაობის ორგანიზაციის სპეციალისტები არ ჰყავს, შესაბამისად, აღნიშნული პროექტის მომზადებაზე სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციებთან ერთად თბილისის მერიის საქალაქო სამსახურები მონაწილეობდნენ.

"შემუშავებული პროექტით გათვალისწინებული იყო არა მხოლოდ ხიდის მშენებლობა, არამედ ხიდის მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობის სქემის მთლიანი შეცვლა. მარშალ გელოვანის გამზირისა და სამტრედიის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია მდინარე მტკვარზე ერთადერთი მონაკვეთია, სადაც დიღმისა და ვახუშტის ხიდებს შორის დაშორება 3,5 კილომეტრს აღემატება. ხიდის არარსებობის გამო, მოძრაობა გადატვირთულია "ვეფხისა და მოყმის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, წერეთლის გამზირზე, ქუთაისისა და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩებზე, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე, სააკაძის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც მერიაში განმარტავენ, პროექტის განხორციელებით, "ვეფხისა და მოყმის" ძეგლთან ხიდის აშენება მთლიანად შეცვლიდა მოძრაობის სქემას, გაუქმდებოდა შუქნიშანი და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება განხორციელდებოდა ორ დონეზე უწყვეტად, რაც ქალაქის ამ ნაწილში მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 18 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, თბილისში, მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი ე.წ. დაკიდული ხიდი (პროექტი საერთო ბიუჯეტით--80 მლნ.ლარი) აღარ აიგება. პროექტის შეჩერების მიზეზად ფონდი მის მიზანშეუწონლობას ასახელებს.