მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის შეძენის მსურველი პირი ვალდებული ხდება ეროვნულ ბანკს მიმართოს და წილის შესახებ თანხმობა ეროვნული ბანკიდან მიიღოს.
ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონში შედის, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, დავით ონოფრიშვილმა მოამზადა და რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა და დღესვე მას მესამე მოსმენითაც განიხილავენ და უყრიან კენჭს. წარმოდგენილი ცვლილებების გათვალისწინებით ეროვნული ბანკი მნიშვნელოვანი წილის შეძენის მსურველი პირის განაცხადს, მისი წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს და დაინტერესებულ პირს შესაბამის ოპერაციის განხორციელებაზე ან თანხმობას მისცემს, ან დასაბუთებულ უარს ეტყვის. განაცხადის წარდგინებიდან 15 კალენდარულ დღის ვადაში ეროვნული ბანკის მხრიდან პასუხისგაუცემლობა ავტომატურად შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობის მიცემად ჩაითვლება.
ამასთან, პროექტის თანახმად, მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გარიგება ბათილია, თუკი დაინტერესებულმა პირმა ეროვნულ ბანკს არ წარუდგინა განაცხადი, ან ეროვნული ბანკისგან მიიღო დასაბუთებული უარი, მაგრამ მაინც შეიძინა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილი.
წარმოდგენილი კანონპროექტი ეროვნულ ბანკს ანიჭებს უფლებამოსილებას მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაუწესოს მის მიერ გაცემულ მიკროსესხებზე რეფინანსირების, ან საკუთარი სახსრებით დაფარვის შედეგად წინმსწრებად დაფარვის საკომისიოს პირობები და ზღვრული ოდენობა. კანონპროექტის თანახმად, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეძლევა საკრედიტო საგადასახადო ბარათის გამოცემი უფლება.
საკითხი პარლამენტში დაჩქარებული წესით განხილვის საგანს წარმოადგენს.