პოლიციის მთავარ სამმართველოში ვარძელაშვილის ადვოკატი გოგიტა გაბაიძე შევიდა

პოლიციის მთავარ სამმართველოში ვარძელაშვილის ადვოკატი გოგიტა გაბაიძე შევიდა

პოლიციის მთავარ სამმართველოში ცოტა ხნის წინ ვარძელაშვილის ადვოკატი გოგიტა გაბაიძე შევიდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ადვოკატს ჟურნალისტებთან კონკრეტული კომენტარი არ გაუკეთებია. 

გაბაიძემ მხოლოდ ის აღნიშნა, მოხდა სამწუხარო ამბავი და ამაზე მედიასთან ლადო ვარძელაშვილთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრებს. ამასთან, ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, რა სტატუსით იმყოფება დაკითხვაზე ვარძელაშვილი - მოწმის თუ ბრალდებულის.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს, ლადო ვარძელაშვილს, ნუცუბიძის ქ.#26-ში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში რამდენიმე საათია, კითხავენ.

შემთხვევის შედეგად, რომელიც ნუცუბიძის ქ.#26-ში წუხელ მოხდა, გარდაცვლილია 45 წლის დევი სირაძე. იგი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში 2009 წლიდან მუშაობდა, შვებულებაში იმყოფებოდა და სამსახურში დღეს უნდა დაბრუნებულიყო.

ამ დროისთვის არსებული ვერსიით, დევი სირაძე ვარძელაშვილის სახლში შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.