დევი სირაძის ოჯახის წევრები და მეგობრები მომხდარის დეტალებს ყვებიან

დევი სირაძის ოჯახის წევრები და მეგობრები მომხდარის დეტალებს ყვებიან

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, წუხელ მომხდარი შეთხვევის შედეგად გარდაცვლილი დევი სირაძის ოჯახის წევრები და მეგობრები მომხდარის დეტალებს ყვებიან.

დევი სირაძე საკუთარ სახლში, ყიფშიძის ქ.#5ა-ში დაახლოებით ერთი საათის წინ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან გადაასვენეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის ახლობლებმა უთხრეს, ეს იყო მართლაც უბედური შემთხვევა და ოჯახს დაკავებულთან არანაირი პრეტენზია არ აქვს.

გარდაცვლილის მეუღლემ კი, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მეუღლესთან ერთად ნუცუბიძის 26-ში, ლადო ვარძელაშვილის სახლში თავადაც იმყოფებოდა.

ამასთან, როგორც სირაძის ახლობლები აცხადებენ, მათ არ იციან, თუ ვინ იყო ჩამოსული საბერძნეთიდან. ისინი უბრალოდ იმას ამბობენ, რომ მეგობრები საკუთარ მეუღლეებთან ერთად იყვნენ შეკრებილი.

მათივე თქმით, უბედური შემთხვევის შემდეგ დაჭრილი ჩამოჰყავდათ კორპუსიდან, თუმცა მან ლიფტში დაკარგა გონება, სასწრაფოს მისვლამდე უკვე გარდაცვლილი იყო, თუმცა საავადმყოფოში მაშინვე წაიყვანეს. როგორც ისინი ამბობენ, აქვს გამჭოლი ჭრილობა გულ-მკერდის არეში. ექსპერტიზის ბიუროს პასუხი მათთვის ერთ თვეში გახდება ცნობილი.

გარდა ამისა, მათი თქმით, იმ ადამიანმა, ვისაც იარაღი გაუვარდა, წუხელვე მისცა პოლიციელებს ჩვენება და უკვე დაკავებულია.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის, ლადო ვარძელაშვილის სახლში წუხელ ამავე სამინისტროს თანამშრომელი, დევი სირაძე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, საბერძნეთიდან ჩამოსულ მათ კიდევ ერთ მეგობარს იარაღი გაუვარდა და სირაძე სასიკვდილოდ დაიჭრა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, ლადო ვარძელაშვილი ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფება.