მაიზერ ლიპარტელიანი - ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები 100%-ით შეესაბამება სიმართლეს

მაიზერ ლიპარტელიანი - ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები 100%-ით შეესაბამება სიმართლეს

ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები 100%-ით შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღევანდელ პრესკონფერენციაზე მაშინდელმა პოლიციის მაღალჩინოსანმა, მაიზერ ლიპარტელიანმა განუცხადა.

მისი თქმით, მეორე მხარეს იარაღი ნამდვილად ჰქონდა და როდესაც ის ადგილზე მივიდა, პოლიციას იარაღი უკვე ამოღებული ჰქონდა.

"ეს კადრები 100%-ით შეესაბამება სინამდვილეს და რეალობას ასახავს. მე რომ მივედი იარაღი უკვე სამართალდამცველებს ჰქონდათ ამოღებული. პირველ ჩვენებაში მე არც დამიდასტურებია და არც უარვყავი ეს ფაქტი. უბრალოდ, მე არ გამაჩნდა მტკიცებულება და არ ვსაუბრობდი. ეხლა უკვე გამოჩნდა მტკიცებულება, რომელი მტკიცებულებაც ნამდვილად შეესაბამება სინამდვილეს და შესაბამისად, მე უკვე ვლაპარაკობ, ის რაც რეალურად ვნახე", - განაცხადა მაიზერ ლიპარტელიანმა ”პრაიმ-ტაიმში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება სასწრაფოს გამოძახებას, როგორც ლიპარტელიანი განმარტავს, სასწრაფო, ის მივიდა თუ არა ადგილზე, მაშინვე გამოიძახა. მისივე თქმით, სასწრაფოს გარეშე, ბუტა რობაქიძის საავადმყოფოში გადაყვანა მათი მხრიდან შესაძლოა უფრო მძიმე ყოფილიყო თავად დაჭრილისთვის.

რაც შეეხება გუშინდელ დაკითხვას, როგორც ლიპარტელიანი აცხადებს, გამომძიებლებმა მასთან ერთად დეტალურად გაიარეს კადრებში ყველა ის დეტალი რომელიც ჩანს, ასევე ის ეპიზოდები, რომლებიც უშუალოდ ლიპარტელიანს უკავშირდება.