კომუნიკაციების კომისია - ჩვენ მიმართ დასმულ ყველა კითხვაზე პასუხი გვაქვს

კომუნიკაციების კომისია - ჩვენ მიმართ დასმულ ყველა კითხვაზე პასუხი გვაქვს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას პარლამენტში მისი მისამართით დასმულ ყველა კითხვაზე პასუხი აქვს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ხატია ყურაშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, კომისიის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნა პარლამენტის პრეროგატივაა და საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.

"ჩვენ ხელს შევუწყობთ საპარლამენტო კომისიის მუშაობას. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყველა დასმულ კითხვაზე აქვს პასუხი. კომიტეტის გუშინდელ სხდომას ჩვენი ოთხი წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ დასმულ კითხვებს უპასუხეს, თუმცა კომისია მზად არის, პარლამენტს ყველა საკითხზე დამატებითი ინფორმაცია წერილობით მიაწოდოს", - აღნიშნა ხატია ყურაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარისა და ბიუროს წინაშე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ზურაბ ტყემელაძემ დასვა საკითხი, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობით პარლამენტი დროებით საგამოძიებო კომისიის ფორმატში დაინტერესდეს, ხოლო მისი ფინანსური საქმიანობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს.
საქმე ეხება კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე გამოკვეთილ გარემოებებს, სადაც კომუნიკაციების სფ ეროში მოქმედი შპს "ახალი ქსელების", "ახტელის" და "სისტემ ნეტის" განცხადება განიხილეს. განცხადება დეპუტატებს აღნიშნული შპს-ის წარმომადგენელმა ხათუნა ინჯიამ გააცნო, რომელმაც კომუნიკაციის მარეგულირებელ სფეროში არსებულ საკანონმდებლო ხარვეზებსა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების მხრიდან მთელ რიგ დარღვევებზე ისაუბრა. მან კომისიის მუშაობის მისამართით არაერთი პრეტენზია გამოთქვა და პრობლემების გადასაწყვეტად სამი ძირითადი საკითხი წამოაყენა.

ხათუნა ინჯიას განცხადებით, შპს "ახალი ქსელები", "ახტელი" და "სისტემ ნეტი" მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში, ასევე ეროვნული კომუნიკაციების კომისიის წევრთა მხრიდან დოკუმენტების გაყალბებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების არსებობა-არარსებობის დადგენის მიზნით, მოკვლეული მასალების პროკურატურისთვის გადაცემა და ინტერსეთა კონფლიქტის არსებობის გამო, კომისიის წევრთა თანამდებობიდან გათავისუფლება.

საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი პრეტენზიები და წინადადებები საქართველოში მოქმედმა სხვადასხვა მაუწყებელმა და ოპერატორმა გამოთქვა. მათ შორის "სტერეომ", "მაგთიკომმა", "სილქნეტმა" და "ჯეოსელმა".