პრეზიდენტი მის ღია წერილზე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას დიალოგზე უარის თქმად აფასებს

პრეზიდენტი მის ღია წერილზე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას დიალოგზე უარის თქმად აფასებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის ღია წერილზე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას დიალოგზე უარის თქმად აფასებს . 

ქვეყნის პირველი პირის აღნიშნული პოზიცია ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააცნო.

"გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას პრეზიდენტის ღია წერილზე. გვინდა კიდევ ერთხელ ღიად დავაფიქსიროთ ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა – დავიცვათ კონსტიტუცია და გავმართოთ დიალოგი საქართველოს პარლამენტში. დიალოგი არის საუბარი მხარეებს შორის. პრეზიდენტს სურს თავადაც ისაუბროს და მოისმინოს პარლამენტის წევრთა

მოსაზრებები და მათი საპასუხო არგუმენტები. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის გაუგებარია, თუ პრეზიდენტს არ ეძლევა სიტყვით გამოსვლის საშუალება, თუ პარლამენტს საუბარი არ სურს, როგორ შედგება დიალოგი. პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვების მიღმა, სამწუხაროდ, იკითხება ერთადერთი რამ – უარი დიალოგს", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

ამასთან, პრეზიდენტის სახელით ის იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი აღნიშნულ საკითხს დაუბრუნდება და პრეზიდენტს კონსტიტუციის შესაბამისად პარლამენტის ტრიბუნიდან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსა და საზოგადოებისთვის მიმართვის საშუალებას მისცემს.