მიხეილ სააკაშვილი - თუ საქართველო, როგორც პრობლემა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში გაქრება, გაქრება, როგორც ქვეყანა

მიხეილ სააკაშვილი - თუ საქართველო, როგორც პრობლემა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში გაქრება, გაქრება, როგორც ქვეყანა

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის დეოკუპაციის ერთადერთ შანსად რუსეთზე უცხოური სახელმწიფოების შეტევის გაგრძელებას მიიჩნევს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში , ადგილობრივებთან შეხვედრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, თუ საქართველო არ იტყვის, რომ ოკუპირებულია და მისი პოზიცია არ დაფიქსირდება დასავლეთის სახელმწიფოებისა და რუსეთის მოლაპარაკებებში, ისინი არასოდეს წავლენ.

"პერევიდან წავიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მიაწვნენ საფრანგეთის პრეზიდენტი, ინგლისის პრემიერ-მინისტრი და ნატო. ზუსტად ასევე უნდა წავიდნენ ახალგორიდან და სხვა ადგილებიდან, რომლებშიც 2008-მდე მაინც არ იდგნენ. საბოლოო ჯამში კი უნდა გავიდნენ საქართველოს ტერიტორიიდან. ამის ერთადერთი შანსი არის უცხოური სახელმწიფოების შეტევის გაგრძელება. წარმოადგინეს ახალი კონცეფცია, რომ საქართველო, როგორც პრობლემა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში უნდა გაქრეს. თუ ეს მოხდება, ჩვენ გავქრებით, როგორც ქვეყანა, რადგან პრობლემა არის, სოფელ ოძისთან, ქსოვრისთან. თუ პრობლემა არის, მაშინ იგი მოლაპარაკებებიდან არ უნდა გაქრეს. თუ გაქრება, ისინი გათავხედდებიან და პირიქით, აქეთ გადმოვლენ შეტევაზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი საბოლოოდ მოსახლეობაზე აისახა და მათ პრობლემები შეუქმნა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, სოციალური დახმარებები უნდა გაიზარდოს და მოსახლეობას მეტი დახმარება სჭირდება.

"როდესაც სოციალური მუშაკი რამდენჯერმე მოვა და მაინც არაფერს გაძლევს, ოჯახისთვის მძიმე დარტყმაა. საერთოდ არსებობს გეგმა, რომ გაჭირვებულ ოჯახთა რაოდენობა 25 000-ით შეამცირონ და მათ ხარჯზე სხვებს გაუზარდონ დახმარება. ეს არ არის სწორი პოლიტიკა და იმედია, მთავრობა ამას გადახედავს", - აღნიშნა სააკაშვილმა.