ირმა ჭკადუა – შსს-ს მაღალჩინოსნებმა აღიარეს, რომ კერძო პირებს 52 ავტომობილი უკანონოდ ჩამოართვეს

ირმა ჭკადუა – შსს-ს მაღალჩინოსნებმა აღიარეს, რომ კერძო პირებს 52 ავტომობილი უკანონოდ ჩამოართვეს

ადვოკატი ირმა ჭკადუა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპრივატიზაციოდ გამზადებული ავტომანქანების სიიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფი გივი თოდაძის მიერ ამოცნობილი ორი ავტომობილის ამოღებას ითხოვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა 

ირმა ჭკადუამ განუცხადა, პროკურატურამ, რომელიც კერძო პირებისთვის ჩამორთმეული ავტომანქანების საქმეზე გამოძიებას აწარმოებს, კუდ-ის მაღალჩინოსნები დაკითხა.

"ეს პირები დღემდე შსს-ს მაღალ თანამდებობაზე მუშაობენ. მათ აღიარეს, რომ კერძო პირებს 52 ავტომობილი უკანონოდ ჩამოართვეს. ამის შემდეგ მთავარმა პროკურატურამ შსს-ს მისწერა, რომ ეს ავტომობილები უკანონოდ არის ამოღებული, თუმცა შსს-ს მაინც გააქვს ისინი აუქციონზე", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ადვოკატის თქმით, აუქციონი აღნიშნულ ავტომობილებზე ხვალ იმართება.

"კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ავტომობილები მოიხსნას აუქციონიდან. პროკურატურა სულ სხვა მიმართულებით მიდის, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სულ სხვა მიმართულებით. შსს-მ უნდა გააკეთოს განმარტება კონკრეტულად ამ ორ ავტომანქანაზე", - განაცხადა ირმა ჭკადუამ, რომელიც აღნიშნულ თემაზე დღეს ბრიფინგს ჩაატარებს.

შს სამინისტროს ძვირადღირებული ავტომანქანები ხვალიდან ელექტრონულ აუქციონზე გაიყიდება. აუქციონი 6 მარტს დასრულდება. ამასთან, შს სამინისტროს საფინანსო სამეურნეო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამაზ კრიჭინაშვილმა დღეს განაცხადა, რომ აუქციონზე არ გაიტანენ იმ ავტომანქანებს, რომელთა მიმართაც კერძო პირების პრეტენზიები არსებობს.