შსს - აუქციონზე არ გაიტანენ ავტომანქანებს, რომელთა მიმართაც კერძო პირების პრეტენზიები არსებობს

შსს - აუქციონზე არ გაიტანენ ავტომანქანებს, რომელთა მიმართაც კერძო პირების პრეტენზიები არსებობს

შს სამინისტროს ძვირადღირებული ავტომანქანები ხვალიდან ელექტრონულ აუქციონზე გაიყიდება, - ამასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჯავახიშვილმა და შს სამინისტროს საფინანსო სამეურნეო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამაზ კრიჭინაშვილმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. 

როგორც თამაზ კრიჭინაშვილი აცხადებს, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ძვირადღირებული ავტომანქანების უწყების ბალანსიდან მოხსნა და შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაეცა. ავტომანქანები ელექტრონული აუქციონის წესით ვებგვერდზე www.eauqcion.ge-ზე გაიყიდება, ხოლო აუქციონის შედეგად შემოსული თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება.

როგორც კრიჭინაშვილი აცხადებს, აუქციონზე არ გაიტანენ იმ ავტომანქანებს, რომელთა მიმართაც კერძო პირების პრეტენზიები არსებობს.

"იმ მანქანებთან დაკავშირებით კი, რომლებიც აუქციონზე არიან წარმოდგენილი, ამ ეტაპზე რომელიმე კონკრეტული პირის პრეტენზია ჩვენთვის ცნობილი არ არის. შესაბამისად, ეს მანქანები კანონიერად გავლენ აუქციონზე. ყველა ეს მანქანა შს სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა", - განაცხადა კრიჭინაშვილმა.

ამ ეტაპზე 50-მდე ძვირადღირებული ავტომანქანა გასხვისდება, რომელიც კრიჭინაშვილის განმარტებით, ახალი მინისტრის დანიშვნამდე იყო შეძენილი.

ფინანსთა მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის გიორგი ჯავახიშვილის თქმით, მანქანების ფასები 18 000-დან 55 000 დოლარამდე მერყეობს. მისი განცხადებით, დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ და მონაწილეობა მიიღონ აუქციონში ვებგვერდის საშუალებით, ხოლო ავტომანქანების დათვალიერება და კონსულტაციის მიღება შესაძლებელი იქნება ხვალიდან მუხიანში, მომსახურების სააგენტოს მეორე ბაზაზე.

აუქციონი 6 მარტს, 12:00 საათზე დასრულდება.