ეკა ბესელია - კობა დავითაშვილისთვის სამსჯავროს მოწყობას არავინ აპირებს

ეკა ბესელია - კობა დავითაშვილისთვის სამსჯავროს მოწყობას არავინ აპირებს

კობა დავითაშვილისთვის სამსჯავროს მოწყობას არავინ აპირებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა. 

მისი თქმით, საპარლამენტო უმრვალესობა დღეს იკრიბება არა იმისთვის, რომ კობა დავითაშვილს სასამართლო მოუწყოს, არამედ იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოს.
დეპუტატის ინფორმაციით, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებებსა და იმ საკითხებს შეეხება, რაც ზოგიერთ კანონმდებელს აწუხებს.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ცოტა გაუგებარია, რატომ არის ასეთი აჟიოტაჟი ატეხილი, რომ თითქოს, უმრავლესობა კობა დავითაშვილთან დაკავშირებით რაღაც სამსჯავროს აწყობს.

"მაინტერესებს, უმცირესობის ფორმატში, რატიანს სასამართლო მოუწყვეს? გვინდა გამოვიყვანოთ, რომ კობა დამნაშავეა? - ეს ასე არ არის. ვიკრიბებით არა იმისთვის, რომ კობა დავითაშვილის სასამართლო მოვაწყოთ, არამედ ბევრი სხვა საკითხი გვაქვს განსახილველი. შეიძლება, ზოგადად კომუნიკაციის საკითხებზე ვიმსჯელოთ, იგივე 8 თებერვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რაც მნიშვნელოვანი საკითხებია და სხდომას "პერსონალური გარჩევისთვის" არ ვაწყობთ", - აცხადებს ბესელია.

ჯერ უცნობია, უმრავლესობის სხდომა რომელ საათზე გაიმართება. ამასთან, როგორც გუშინ კობა დავუთაშვილმა აღნიშნა, დღეს უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი, დატოვებს თუ არა იგი კოალიცია "ქართულ ოცნებას".