ბიძინა ივანიშვილი - მთავრობა ბიზნესის საქმიანობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერევა, რომ თქვენ გაგიიოლოთ პროექტის განხორციელება

ბიძინა ივანიშვილი - მთავრობა ბიზნესის საქმიანობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერევა, რომ თქვენ გაგიიოლოთ პროექტის განხორციელება

მთავრობა ბიზნესის საქმიანობაში ჩაერევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომ თქვენ გაგიუმჯობესოთ და გაგიიოლოთ პროექტის განხორციელება , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, მასაც ბიზნესის გზა აქვს განვლილი და კარგად იცის, ამ სექტორის განვითარებას რა სჭირდება.

"კარგად იცით, რომ მე თქვენი გზა მაქვს გავლილი. დღეს ბიზნესის კეთების საშუალება არ მაქვს, მაგრამ კარგად ვიცი, რაც ჭირდება ბიზნესს და ყველა პირობას შეგიქმნით. მთავრობა ბიზნესის საქმიანობაში ჩაერევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომ თქვენ გაგიუმჯობესოთ და გაგიიოლოთ პროექტის განხორციელება. თუ ვინმე, რომელიმე ჩინოვნიკი გაბედავს და მინიშნებით მაინც შეგახსენებთ თქვენს უახლოეს წარსულს, ძალიან გთხოვთ თქვენი მხრიდანაც იყოს მყისიერი რეაგირება. თუ თქვენც არ მოისურვებთ, შედეგის მიღწევა გაჭირდება", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ამასთან, პრემიერმა ბიზნესსექტორს სამი სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ მთავრობის ინიციატივაც გააცნო და მათ ფონდებში საკუთარი კაპიტალის დაბანდებაც ურჩია.

"ვაპირებთ შევქმნათ სამი სხვადასხვა ფონდი. ერთი, საქართველოს სუვერენული ფონდი შეიქმნება საპარტნიორო ფონდის ბაზაზე და გათვლილი იქნება უცხოელ ინვესტორებზე. მეორე ფონდი, რომელსაც კერძო საინვესტიციო ფონდი დავარქვით, პირველ რიგში, ქართველ ბიზნესმენებზე იქნება გათვლილი, თუმცა უცხოელეებმაც შეიძლება ჩადონ ინვესტიციები ამ ფონდში. ფული მიემართება დამოუკიდებლად, აბსოლუტურად გამჭვირვალედ, მას ეყოლება თავისი საბჭო. ამ ფონდის დანიშნულებაა ის, რომ უცხოურ ინვესტიციებს დახვდეს ადგილობრივი კაპიტალი. მაგალითად, თუ ინვესტორი საქართველოში მოდის საინტერესო პროექტით და მას 25 %-ი გააჩნია მისი დაფინანსების საშუალება, დანარჩენი შეიძლება დახვდეს ამ ფონდის სახით. თანამონაწილეობა ინვესტორებს უიოლებს დაფუძნებას უცხო ქვეყანაში. აი, ეს დატვირთვა ექნება ამ ფონდს. ამ ფონდთან დაკავშირებით რამდენიმე ჩვენს თანამოქალაქესთან მქონდა საუბარი, რომლებიც საკმაოდ მდიდრები არიან, მე არ გამოვრიცხავ ჩემი კაპიტალის მონაწილეობასაც, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, იქ არ დაეწერება ვისი კაპიტალი მონაწილოებს. თუ სურვილი გაგიჩნდებათ, კარგი იქნება თუ თქვენც მიიღებთ მონაწილეობას. რაც შეეხება მესამე ფონდს, ის იქნება პატარა ფონდი, დაახლოებით 50 მილიონიონი, რომელიც იმ ახალგაზრდა გამომგონებლებისა და ბიზნესმენების წახალისებას მოახდენს, რომლებსაც ექნებათ კარგი იდეა. ეს იქნება, ასე ვთქვათ, ნიჭიერების ინკუპატორი, რათა მათ შეეძლოთ რეალიზაცია თავისი იდეების", - დასძინა პრემიერმა.